"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის სანქციებზე საუბრისას განაცხადა, რომ სანქციები სხვას ვერაფერს ავნებს, მაგრამ საკუთარ ქვეყანას და ხალხს უკიდურესად დააზიანებს:
"დღეს მხოლოდ ერთი დეპუტატის მხრიდან მოგვესმა ის, რომ ცუდია, არ ვუერთდებით სანქციებს - ძალიან მარტივად არის აქ ყველაფერი. როდესაც შენ უნდა დააწესო ისეთი სანქცია, რომელიც სხვას ვერაფერს ავნებს, ამ შემთხვევაში რუსეთს, მაგრამ საკუთარ ქვეყანას და ხალხს უკიდურესად დააზიანებს, პასუხი არის ნათელი. მაინც ჯიუტად არ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას სანქციებზე. თქვენ გაქვთ სინამდვილეში ისტორიული შესაძლებლობა დასვათ კითხვები, მიიღოთ პასუხები, განახორციელოთ ზედამხედველობა, მაგრამ ამასაც ვერ იყენებთ ერთი მარტივი მიზეზის გამო, თქვენი სულისკვეთება და კომპეტენცია არ არის ამის შესაბამისი,"- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ტერმინ "შავ ხვრელზე" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ეს თავად მოიგონა.
"შავი ხვრელი" - ეს არის პიკი თავხედობის. "შავი ხვრელი" - ეს ტერმინი თავად მოიგონეს და ბოლოს ამ კამპანიით მივიდნენ იქამდე, რომ საკუთარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს წერენ წერილს - თუ რას აკეთებთ ამ „შავი ხვრელის“ გამოსარიცხად. ამბავი მოიგონეს და გვეუბნებიან - ნუ ვაკრიტიკებთ, ნუ ვესხმით თავს ევროპარლამენტარებს, კონკრეტულ ადამიანებს. სინამდვილეში როდესაც ჩვენ თავს ვიცავთ ამას ოპოზიცია ეძახის თავდასხმას. ანუ, რომ გცემენ, ხელი არ უნდა შეუბრუნო - ეს არის თავდასხმა და ევროინტეგრაციის პროცესს შეაჩერებს. ამ ლოგიკით ცდილობთ ევროპულობის დამტკიცებას ეს ცალკე პარადოქსია," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.