საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენდნენ, ფრანგულ გამოცემა "ფიგაროში" გამოქვეყნებული სტატიის შესახებ ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა სტატიას მორიგი ბინძური ანტისახელმწიფოებრივი სტატია უწოდა.
"ოპოზიციის წევრებმა რამდენჯერმე სიამაყით გაიმეორეს და მოიყვანეს ფრანგულ გამოცემა "ფიგაროში" გამოქვეყნებული სტატია და როგორც კატასტროფა ისე წარმოაჩინეს. მინდა ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ძვირფას პარლამენტარებს, დეპუტატებს გითხრათ, რომ რეალურად, ეს არის მორიგი ბინძური ანტისახელმწიფოებრივი სტატია. ვისი შეკვეთილია ეს სტატია? ეს არის ბატონი რაფაელ გლუკსმანის შეკვეთილი. კარგად მოგეხსენებათ ვინ არის რაფაელ გლუკსმანი - ეს იყო მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი, იმ დროს როდესაც სააკაშვილი ხალხს ხოცავდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა და რეალურად, ქვეყანას წარმოაჩენდა, როგორც ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოს. ეს ადამიანი დღეს ევროპარლამენტარია. მოგეხსენებათ, გლუკსმანი აქტიურად იყო ჩართული იმდროინდელი ხელისუფლების პოლიტიკის განსაზღვრაში და დღევანდელი ამ სტატიის ავტორი იზაბელ ლასერი გახლავთ, რომელიც გლუკსმანის მეგობარია და შესაბამისად, გლუკსმანის შეკვეთილი სტატიაა. ასე რომ, ეს არის მორიგი მხილება თქვენი - ძვირფასო ოპოზიციონერებო. ეს არის მორიგი მხილება თქვენი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ Le Figaro-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ პუტინის ყოფილი ნომერ პირველი საჯარო მტერი, მიხეილ სააკაშვილი, 54 წლის ასაკში ციხეში ნელი სიკვდილით კვდება.