ზაალ უდუმაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს და მედიაში ბრუნდება. ამის შესახებ უდუმაშვილმა დღეს, პარტიის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.იგი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს მედიას, რაც შეეხება პოლიტიკიდან წასვლის მიზეზს, უდუმაშვილის თქმით, დღეს, მთავარი ბრძოლის ხაზი მედიაზე გადის.
"დღეს მთავარი ბრძოლის ხაზი მედიაზე გადის. ისევე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება და ეს კარგად დაგვანახა იმ ბოლო მოვლენებმა, რომელიც მედიაში ვითარდება. ამიტომ მე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მედიაში დავბრუნდები. ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა დისლოკაციის ადგილს ვიცვლი. ვიცი წინასწარ, რა იქნება მთავარი შეკითხვა,თუ სად მივდივარ, მაგრამ ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკას ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ გარკვეულ წესებს ვიცავ. გპირდებით,რომ ძალიან მალე ეთერში შევხვდებით", - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია უდუმაშვილს წარმატებას უსურვებს.
"ვფიქრობ, ერთად ურთულესი 5 წელი გავიარეთ. თანამშრომლობით და მეგობრობით, ჩვენ მხოლოდ გავძლიერდით. მიმაჩნია, რომ ის ნაბიჯი, რომელსაც ის ახლა დგამს, არანაკლებ მძიმე იქნება, რადგან ამ ქვეყანაში თუკი რაიმე არის დასაცავი, ეს არის თავისუფალი სიტყვა და ამ პროცესში ზალიკო უდუმაშვილი იტყვის ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას. წარმატებები ზალიკოს და მადლობა ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე", - განაცხადა ნიკა მელიამ.