პრემიერ - მინისტრის ისტორიულ ვიზიტს და ცერემონიას "კურიერი" წმინდა მიწიდან აშუქებს. საქართველოს, მაცხოვრის ნათლობის ადგილთან ახლოს, 4 000 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი გადმოეცა, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიაში, ერაყსა და ლიბანში ზაზა კანდელაკი აცხადებს, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსდება საგამოფონო დარბაზები, ხატწერის და საგალობლების წარმოდგენის სივრცეები.
ქართული დელეგაციის მხრიდან, საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საპატრიარქოს წარმომადგენელმაც.
"მთელ საქართველოს ვულოცავ - ემოციურად, ეს ძალიან სასიხარულო დღე და ფაქტია. ისტორიულად, ეს არის გაგრძელება ჩვენი წმინდა მიწაზე მოღვაწეობისა და ეს იქნება ერთ-ერთი რგოლი იმ ჯაჭვში, რომელიც საქართველოს აკავშირებს წმინდა მიწასთან, ამას ექნება ძალიან კეთილი გაგრძელება. სახლი, რომელიც აშენდება, იქნება წარმომადგენლობითი, რომელიც წარმოადგენს საუკუნეების მანძილზე ქართველი სასულიერო პირების მოღვაწეობას, იმ სასულიერო კერებს, რომელიც წმინდა მიწაზე არსებობდა", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.