პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იორდანიაში დასრულებულია. ბოლო შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილს იერუსალიმის პატრიარქმა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსმა უმასპინძლეს. ვახშამზე, რომელიც ქართული დელეგაციის საპატივსაცემოდ შედგა, საუბარი მაცხოვრის ნათლობის ადგილის მახლობლად არსებული მიწის საქართველოსთვის გადაცემას შეეხო. პრემიერ-მინისტრმა თეოფილოს III-სა და ქრისტოფოროს ატალასს ამ პროცესში გაწეული ღვაწლისთვის მადლობაც გადაუხადა.
ოფიციალური მიღების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი იორდანიაში ვიზიტსა და საქართველოსთვის მიწის გადაცემას სოციალურ ქსელში განცხადებით გამოეხმაურა. პრემიერმა იორდანიის არქიეპისკოპოსს, იორდანიის მეფე აბდალა მეორესა და პრინც ღაზის მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და თქვა, რომ მიწაზე, რომელიც საქართველოს გადაეცა ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა დაიწყება.
მიწის ნაკვეთი, რომელიც ქართველ ხალხს გადაეცა, 4000 კვადრატული მეტრია. ისტორიულ ფაქტს იორდანიის პრინცთან ერთად, პირადად დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა მემორიალური ქვა, რომელზეც მისი და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხელმოწერებია, საზეიმო ვითარებაში გახსნა.
მდინარე იორდანესთან მიწის გადაცემის საზეიმო ცერემონიაში ქართული დელეგაციაც მონაწილეობდა. მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, იორდანიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი და საპატრიარქოს წარმომადგენელები. ახლა მუშაობა ახალი ქართული კულტურის ცენტრის კონცეფციაზე დაიწყება, რომელშიც საპატრიარქოც აქტიურად ჩაერთვება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი იერუსალიმში გრძელდება. დღეს დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრები ისრაელის პრემიერთან და ქნესეთის წარმომადგენლებთან, დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯვრის მონასტერს მოინახულებს.