15 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს - რა მოლოდინები აქვთ ევროინტეგრაციის გზაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას

ივნისი პოლიტიკურად ცხელი თვე იქნება. თბილისი, კიევთან და კიშინოვთან ერთად ბრიუსელის პასუხს უკვე უახლოეს კვირებში ელოდება, თუმცა პასუხი შეიძლება არც იყოს ოპტიმისტური, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე.

"პროგრესი არის, თუმცა საქართველო უკეთაც შეიძლებოდა მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის" - ეს ევროკავშირის ელჩის სიტყვებია, რაც ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს. გადამწყვეტი არა მხოლოდ ის კითხვებია, რაც ბრიუსელს საქართველოსთან მიმართებით აქვს. არ არის არცერთი პრეცედენტი, როდესაც ევროკავშირმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი რომელიმე სახელმწიფოს განაცხადიდან ერთ თვეში მიანიჭა.

ევროკავშირის სტატისტიკა ასეთია: თურქეთი 23 წელი, ჩრდილოეთ მაკედონია 17, მონტენეგრო 12 წელი, სერბეთი 10, ალბანეთი 8 წელი, ხუთი სახელმწიფო ევროკავშირის გაწევრიანების მოლოდინის რეჟიმში წლებია იმყოფება. პროცესის გაჭიანურების მიზეზი ყველა ქვეყნისთვის ინდივიდუალურია. ძირითადად ეს არის ადამიანის უფლებები და რეფორმები, მათ შორის სასამართლოში.

სავარაუდოდ გამონაკლისი ვერ გახდება რუსეთთან ომში მყოფი უკრაინაც. ამის პირველი მინიშნებები ემანუელ მაკრონმა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გააკეთა. შედეგად უკვე აქტიურად მიდის საუბრები, რომ ევროპაში შესაძლო ახალი პოლიტიკური გაერთიანებაც კი შეიქმნას, რომლის ფლაგმანი დიდი ბრიტანეთი გახდება. თუმცა ახალ კავშირებამდე ველოდებით ძველი ევროპის ვერდიქტს. 

რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ამ თემაზე, დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბევრი პარამეტრით საქართველო წინ უსწრებს, როგორც მოლდოვას, ასევე უკრაინას. სტატუსის მიღება კი ევროკავშირს არც ავტომატურად გაწევრიანების ვალდებულებას აკისრებს და არც დამატებით ფინანსურ ხარჯს იწვევს. შესაბამისად, მმართველი ძალის ლიდერის თქმით, გაუგებარია რატომ შეიძლება უარი უთხრან საქართველოს კანდიდატის სტატუსზე.

საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა ოპოზიციის ნაწილისთვის სწორედ იმაზე გადის, თუ რა გადაწყვეტილებაა სასამართლოს მიერ მიღებული მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეებთან დაკავშირებით. ის, რაც "ნაციონალური მოძრაობისთვის" პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, სახელისუფლებო გუნდისთვის კანონის უზენაესობაა. 

მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებამ ოპოზიციის ნაწილში კითხვები გააჩინა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ "ქართულ ოცნებაში" შესაძლოა უკვე იციან, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს და საზოგადოების განწყობის შექმნას წინასწარ ცდილობენ. ოპოზიციის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდმა ახლა ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირისგან დადებითი შეფასება მიიღოს. მიკერძოებული და სუბიექტური აღქმები - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ოპონენტების განცხადებებს.

"ქართულ ოცნებაში" ოპოზიციას მოუწოდებენ რეალურად შეაფასონ ქვეყნის შანსები და უარი თქვან ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაზე.  ევროკავშირის მხარდაჭერა რომ ურყევია, ამ განცხადებით საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

კარლ ჰარცელის თქმით, ახლა მთავარი ისაა, ქვეყანამ ზუსტად განსაზღვროს, თუ რა არის საჭირო საბოლოოდ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინის პარალელურად, მმართველ პარტიაში იმ ქვეყნების მაგალითებზე საუბრობენ, რომლებიც უკვე წლებია კანდიდატები არიან, თუმცა წევრობაზე საუბარი ჯერ არ არის. 

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველომ განაცხადის შეტანით მზაობა გამოთქვა რეფორმების განხორციელებაზე და გასათვალისწინებელი სწორედ ესაა. განაცხადი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში უკვე გაგზავნილია, ახლა ჯერი საქართველოს პარტნიორებზეა, მისცემენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსს. 

დღის ამბები