15 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
საჭიროებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ მკურნალობას - სასამართლოს განჩინების საფუძველზე ექსპრეზიდენტთან დამოუკიდებელი ექსპერტები შევლენ

დამოუკიდებელი ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან ხვალ შევლენ. ცენტრ "ემპათიას" წარმომადგენლებს შესაბამისი უფლება საქალაქო სასამართლომ მისცა, განჩინება კი უკვე სასჯელაღსრულების უწყებაშია.

ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრები, რომლებმაც კლინიკაში მყოფი პატიმარი დღესაც მოინახულეს, აცხადებენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და მისი სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ უცხოელ ექიმებზეა დამოკიდებული.

ექსპრეზიდენტის ოჯახმა მმართველი გუნდისგან დღეს საზღვარგარეთ გადაყვანაზე კიდევ ერთი უარი მიიღო. ირაკლი კობახიძემ დღეს თვეების განმავლობაში არსებულ მოთხოვნას წერტილი დაუსვა და განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში პატიმარ სააკაშვილის გადაყვანა უცხოურ კლინიკაში არ მოხდება. ამ ეტაპზე უცნობია კლინიკა "ვივა მედის" მიერ მომზადებული 400 გვერდიანი დასკვნის შინაარსიც, ყოფილი პრეზიდენტის ანალიზების პასუხი და ავადმყოფობის ისტორია ერთი კვირაა მისი პირადი ექიმის ხელშია.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რომ კვლავ მძიმეა, ეს მისმა ინტერესების დამცველმა პალატიდან გამოსვლის შემდეგ თქვა. დამოუკიდებელი მედიკოსების კლინიკაში დაშვება ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა მოითხოვეს. "ვივა მედში" იმყოფებოდა სააკაშვილის მკურნალი ექიმიც, თუმცა კლინიკის ტერიტორია მან უკომენტაროდ დატოვა.

ექსპერტების შესვლამდე, მიხეილ სააკაშვილი მისმა თანაგუნდელებმა და თანაპარტიელებმა მოინახულეს. ექსპრეზიდენტთან პალატაში იმყოფებოდა გიული ალასანიაც. მიხეილ სააკაშვილის დედა ფიქრობს, რომ "ემპათიის" ექიმების მიერ დადებული დასკვნა, მისი შვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი გახდება. ოჯახის მოთხოვნა უცვლელია.

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ექსპრეზიდენტს საფრთხე ემუქრება და საჭიროა მისი საზღვარგარეთ დროული გადაყვანა. 

მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში ცენტრ "ემპათიის" ექსპერტებს ელოდება. მათ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის შესახებ სამედიცინო დასკვნა უნდა მოამზადონ.

დღის ამბები