დასრულდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში. ირაკლი ღარიბაშვილი, იერუსალიმის პატრიარქმა ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენით დააჯილდოვა.
"ვანიჭებ ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენს და ჩვენი მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებულ ჯვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის აღმატებულება ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც მაცხოვრის ყოვლადწმინდა საფლავის საძმოს მეგობარსა და ქრისტეს აღდგომის ტაძრის მცველს", - აღნიშნულია თეოფილოს მესამის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა ჯილდოსთვის და პერსონალური წვლილისთვის მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის საქმეში, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.
"თქვენო აღმატებულებავ, მოგესალმებით როგორც მართლმადიდებელი ქვეყნის ლიდერს და წარმომადგენელს, მონათესავე მართლმადიდებლური ეკლესიის შვილს. ეს იმას ნიშნავს, რომ იერუსალიმისა და საქართველოს ეკლესიები ერთგულად მიეკუთვნებიან ქრისტეს სხეულსა და ტაძარს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, როგორც მოციქული პავლე გვასწავლის, რომ ყოველთვის ვისწრაფოდეთ ერთობისა და მშვიდობის შენარჩუნებისკენ. იერუსალიმის წმინდა ქალაქში, ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რადგან იერუსალიმი არის მთელი მსოფლიოს, განსაკუთრებით მართლმადიდებელი ქრისტიანების სულიერი დედაქალაქი. ჩვენი მისია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ორთოდოქსულ-ქრისტიანულ ტრადიციებში ასახული ფასეულობები დავიცვათ, რომლებიც რელიგიურ მოძღვრებებში ასახული პრინციპებისა და მემკვიდრეობის იდენტურია., საუბარი მაქვს როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაზე. იგივე სულისკვეთებას მიჰყვება ეკლესია. ასევე, გვგვრის სიამოვნებას ის ფაქტი, რომ იესო ქრისტეს საფლავზე დასვენებულ წმინდა ჯვარს გადმოგცემთ, რათა მუდამ დაცული ბრძანდებოდეთ და ამ მხსნელი, მართალი და სწორუპოვარი ჯვრით იყოთ მუდამ შთაგონებული. ქრისტე ღმერთი არის ჩვენი მამოძრავებელი ძალა", – აცხადებს იერუსალიმის პატრიარქი.
დეკანოზი და საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა ანდრია (ჯაღმაიძე) ამბობს, რომ აღნიშნული ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და შინაარსით დატვირთული.
"ვეწვიეთ იერუსალიმის პატრიარქს თეოფილოსს და ჩვენ აღვნიშნეთ ორმხრივად, რომ ეკლესიებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, ხელს შეუწყობს ზოგადად მართლმადიდებლური სამყაროს უფრო მეტად კონსოლიდირებას ყველაზე მთავარი საკითხების გარშემო. ეს ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, დატვირთული შინაარსით და რაღაცა პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგა მნიშვნელოვანი ურთიერთობების დასამყარებლად," - განაცხადა მამა ანდრიამ (ჯაღმაიძემ).
ავტორი: ავთო გვასალია