ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების გადადების შესახებ შეფასებები კეთდება თბილისში. საუბარია საკითხზე, რომლის თანახმადაც, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა, ანატოლი ბიბილოვის განკარგულება რუსეთთან შეერთების თაობაზე დროებით შეაჩერა.
თბილისში აცხადებენ, რომ რუსეთმა სავარაუდოდ, დროებით შეაჩერა პროცესი, რადგან არ აწყობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ახალი პრობლემების შექმნა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ახლა რუსეთისთვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური ვითარება არ არის, თუმცა როგორც კი ამის საშუალება ექნება, ამ საკითხს მომავალში დაუბრუნდებიან.
"იყენებენ სამაჩაბლოს რეფერენდუმის საკითხს, საქართველოზე ზემოქმედებისთვის. ახლა არ არის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური ვითარება რუსეთისთვის, ჩათვალეს, რომ ახლა კიდევ დამატებითი დაძაბულობის კერის შექმნა არ შედიოდა მათ ინტერესებში, მაგრამ ეს საკითხი არ არის მოხსნილი, როგორც კი რუსეთი რაღაცნაირად გამოძვრება უკრაინაში არსებული ომისგან, აუცილებლად დაუბრუნდებიან ჩვენს საკითხს", - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ჰერმან საბო ფიქრობს, რომ საერთაშორისო კონტექსტიდან და იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც რუსეთშია დღეს, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება, მიზანშეწონილად რ ჩათვალეს.
"სინამდვილეში, რუსეთს არ სჭირდება არანაირი მიზეზი ან იურიდიული თანმიმდევრულობა, რომ რაც უნდა ის გააკეთოს. რომ ყოფილიყო რუსეთის გეგმაში რეფერენდუმის ჩატარება და ამ რეგიონის შეერთება რუსეთისთვის, ისინი ყველანაირი იურიდიული კაზუისტიკის გარეშე, ამას გააკეთებდნენ და არავის არ დაეკითხებოდნენ. უბრალოდ, როგორც ჩანს, საერთაშორისო კონტექსტიდან და იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ქვეყნის შიგნით აქვთ, არ ჩათვალეს მიზანშეწონილად ახლა ამ საკითხის გათამაშება", - ამბობს ჰერმან საბო.
მმართველ გუნდში კი ე.წ. რეფერენდუმის საკითხს მორიგ სპეკულაციას უწოდებენ. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე ამბობს, რომ ხელისუფლება აკეთებს და მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს დეოკუპაციის სამშვიდობო პოლიტიკას.
"ეს არის მორიგი სპეკულაციები სავარაუდოდ. ზუსტად ვერ გეტყვით, რა იყო ამის მოტივაცია, მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და საქართველოს ხელისუფლება აკეთებს და გააგრძელებს ყველაფრის გაკეთებას იმისთვის, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ, მშვიდობიანად მოგვარდეს და ჩვენს მოძმე აფხაზ და ოს ძმებთან ერთად, გავაგრძელოთ ერთიან, სუვერენულ საქართველოში თანაცხოვრება", - ამბობს გივი მიქანაძე.