ე.წ. პრეზიდენტმა ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება შეაჩერა. ახლადდანიშნულმა ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერმა ახალი განკარგულება გამოსცა, რომელშიც რეფერენდუმის სამართლებრივი შედეგების გაურკვევლობაზე მიუთითებს. ალან გაგლოევი წერს, რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობის გაერთიანების საკითხზე ჯერ კონსულტაციები უნდა გაიმართოს.
თბილისში ახალ გადაწყვეტილებაზეც იგივე რეაქცია აქვთ, როგორიც ე. წ. რეფერენდუმის დანიშვნაზე. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანების ინიციატივა, თავისი შინაარსით, უკვე არალეგიტიმურია და განკარგულების გაუქმება საქართველოს პოლიტიკას არ ცვლის.
არის თუ არა რეფერენდუმის გადადება, თუ გაუქმება სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება - ამაზე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არავინ დაობს. ოპოზიციურ პარტიებში მიაჩნიათ, რომ მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება. პოლიტიკურ ძალებში აცხადებენ, რომ ახალი პოლიტიკური პრობლემები რუსეთისთვის ახლა მომგებიანი ვერ იქნება, თუმცა მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.
გაგლოევის გადაწყვეტილებაზე რუსეთის გავლენას არც ქართულ ოცნებაში გამორიცხავენ, თუმცა ამბობენ, რომ რეფერენდუმის გადადების მიზეზი, შესაძლოა, საზოგადოებრივი განწყობებიც იყოს.
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების განკარგულება ყოფილმა დეფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა რამდენიმე კვირის წინ გამოსცა. ე.წ. არჩევნების შემდეგ დანიშნულმა ახალმა პრეზიდენტმა კი მისი ბრძანება დროებით - რუსეთთან გაერთიანების საკითხზე კონსულტაციების დასრულებამდე შეაჩერა.