15 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია - ვინ როგორ აფასებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას

ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე დრო მცირდება, თუმცა პოლიტიკური დაძაბულობა იზრდება. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ახლა პოლიტიკური დისკუსია იმაზე მიდის, იმსახურებს თუ არა ქვეყანა კანდიდატობის სტატუსს.

"ევროინტეგრაცია არის ქართველი ხალხის არჩევანი და არა ხელისუფლების დამსახურება. ამ გზავნილს საერთაშორისო პლატფორმებიდანაც აჟღერებენ" - ეს ოპოზიციის ერთადერთი არგუმენტია.

მმართველი გუნდი კი, ოპონენტებს იმ პროგრესს ახსენებს, რომელსაც მათი თქმით, საქართველომ მათი ხელისუფლების პირობებში მიაღწია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროინტეგრაციის კუთხით მთავრობის გატარებულ რეფორმებს და მიღწეულ შედეგებს, ოპოზიცია სუბიექტური მიზეზების გამო არ აღიარებს და მხოლოდ პარტიული ინტერესებით მოქმედებს.

საერთაშორისო არენაზე ოპოზიციის გზავნილი იგივეა, რაც ქვეყნის შიგნით, რომ სტატუსის მიღება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, თუმცა არა დამსახურება. როგორც პოლიტიკურ პარტიებში განმარტავენ, საერთაშორისო პარტნიორებთან მათი აქტიურობის მთავარი მოტივაცია რისკების დაზღვევაა.

ქვეყნის გარეთ ხელისუფლების კრიტიკა, ქვეყნის შიგნით ოპოზიციის მიზნებს უკავშირდება - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ მათი ოპონენტების განცხადებები ქვეყნის რეპუტაციასაც და სახელმწიფო ინტერესებსაც აზიანებს.

მიიღებს თუ არა ასოცირებული ტრიო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ევროპულმა საბჭომ თვის ბოლოს უნდა მიიღოს. მანამდე კი შესაბამის რეკომენდაციებს ევროკომისია გამოაქვეყნებს.

დღის ამბები