"ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში გამოხმაურებები გრძელდება. "ძლიერი საქართველო" მანდატების დატოვებას და სიების ჩახსნას აანონსებს და ოპოზიციას ამ პროცედურას ერთობლივად, ერთსა იმავე დროს პრეზიდენტთან ერთად სთავაზობს, თუმცა ხაზარაძის გუნდი არ უერთდება იმ ორი კოლეგა კოალიციის გადაწყვეტილებას, რომელმაც რეგისტრაციის გაუქმებაზე განცხადებას ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერა და სადაც უკვე რამდენიმე დღეა ამტკიცებენ, რომ მანდატებზე უარის თქმა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდეც შეიძლება.
"ძლიერი საქართველოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას განმარტებით, მნიშვნელოვანია სიების ჩახსნა მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც ამას სამართლებრივი აზრი ექნება.
"ჩვენ, "ძლიერმა საქართველომ" მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ სწორ დროს მივიღებთ შესაბამისს სამართლებრივ ზომებს. მაშინ, როდესაც სამართლებრივი ზომების მიღებას ექნება სამართლებრივი აზრი. ჩვენთვის ეს არ არის პიარული საკითხი, რიტუალური საკითხი. ჩვენ ამას ვუყურებთ საქმიანად, კანონის მიერ განსაზღვრული ვადების ფარგლებში. როცა ექნება აზრი სამართლებრივად რაიმეს ჩახსნას, მაშინ დავწერთ შესაბამის განცხადებას. სანამ აზრი არ აქვს მსგავს განცხადებებს, ჩვენ არ შეგვიწუხებია თავი უბრალოდ განცხადების დაწერისგან.
მივიჩნევთ, რომ ოთხივე პოლიტიკური ოჯახი, პოლიტიკური სუბიექტი ერთიანი იყოს, როგორც ამ გადაწყვეტილებაში, ასევე, მის აღსრულებაში. სხვა მხრივ, იქნება მხოლოდ ტაქტიკური სხვაობები. ჩემთვის ეს არ არის არც გასაკვირი და არც შოკისმომგვრელი," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
რაც შეეხება გამოხმაურებებს, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, თენგო თევზაძის განცხადებით, მიესალმებიან ინიციატივას, თუმცა ამას სჭირდება შეთანხმება, როგორც მათ კოალიციაში, ასევე, მათ პარტნიორ ოპოზიციონერ კოლეგებთან.
"მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ფორმას, ჩვენ ჩვენი ფორმა შევთავაზეთ საზოგადოებას, მაგრამ, ასევე, სხვა სამართლებრივი თუ პოლიტიკური აქტი, რომელიც შეიძლება გადაიდგას სრულად, ერთიანად ოპოზიციის მხრიდან, ამას სჭირდება შეთანხმება, როგორც ჩვენთან კოალიციის ნაწილში, ასევე, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან. შეთანხმების შემდეგ შეიძლება ეს საკითხი დადგეს დღის წესრიგში.
რაც შეიძლება სიების ჩახსნასა და მანდატებზე უარის თქმას, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ეს თქვა. ჩვენ ველოდებით, რომ ცესკო არ გაგვატარებს რეგისტრაციაში, ვინაიდან მიმართვა გვაქვს გაკეთებული ამასთან დაკავშირებით", - აღნიშნა თენგიზ თევზაძემ.
რაც შეეხება გიორგი გახარიას გუნდს, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები დგას დღის წესრიგში, ვიდრე, რიტუალურად, საპარლამენტო სიების ჩახსნაა.
"ჩვენ როცა ვამბობთ კის, ვგულისხმობთ - კის, როცა ვამბობთ არას, ვგულისხმობთ - არას. ვიღაცა ვიღაცის ნაბიჯებით კომპლექსდება და სიები რიტუალურად ჩავხსნათ, არარიტუალურად ჩავხსნათ, ერთად დავდგეთ, დავწვათ, დავხიოთ, გადავყაროთ და ა.შ. ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებია ახლა დღის წესრიგში," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.