პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დესტრუქციული ძალები ცდილობენ შეკვეთილი სტატიებით, სიუჟეტებით, ბრიუსელში შეხვედრებით აწარმოონ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ. პრემიერის თქმით, ამას შესახებ ინფორმაცია მან ევროპელი კოლეგებისგან მოისმინა.
ღარიბაშვილის განცხადებით, სჯერა, რომ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გონივრულ, ბრძნულ და სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
"სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალები ცდილობდნენ და ჯერ კიდევ ცდილობენ, მათ შორის შეკვეთილი სტატიებით, სიუჟეტებით უცხოურ მედიაში, პრესაში, მათი შეხვედრებით ბრიუსელში, გაოცებული მიყვებოდნენ აქეთ ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია არის წამოწყებული საკუთარი ქვეყნის, მოქალაქეების წინააღმდეგ.
თქვენ გახსოვთ, მაშინ, როდესაც უვიზო რეჟიმზე იყო მიღებული გადაწყვეტილება, მაშინ არწმუნებდნენ, სთხოვდნენ, ემუდარებოდნენ, რამენაირად არ მიეცათ უვიზო რეჟიმი ქართველებისთვის, რომ იქნებ ამ მთავრობის დროს არ მოხდეს ამ დიდი ისტორიული გადაწყვეტილების მიღება. იგივე ხდება დღესაც, მაგრამ რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ ევროკავშირში არიან ბრძენი, გონიერი პოლიტიკოსები და ისინი ასევე მიიღებენ გონივრულ, ბრძნულ და სამართლებრივ გადაწყვეტილებას," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.