წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე თანამდებობას ტოვებს. ლაშა ზარქუამ განცხადება უკვე დაწერა. გადაწყვეტილების მიზეზად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სახელდება, რომელზე პასუხისმგებელიც სწორედ ზარქუა იყო. მერიის მიერ პროექტის საკრებულოსთვის დაგვიანებით წარდგენის გამო, პროგრამა ჩავარდნის საფრთხის ქვეშ იყო.
მოგვიანებით, მისი აღდგენა მოხერხდა, თუმცა მომხდარის მიზეზების დასადგენად, ქალაქის მუნიციპალიტეტში სპეციალური კომისია შეიქმნა. გავრცელებული ინფორმაციით, ზარქუას გადადგომა წალენჯიხაში "ნაციონალური მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება, თუმცა ფაქტს უარყოფს წალენჯიხის მერი.
"ჩვენ რეალურად მოვახდინეთ კომუნიკაცია ხალხთან, რეალურად შევხვდით ამ ადამიანებს. ვიმსჯელეთ პროექტზე, ვიკამათეთ, შევჯერდით. მერე ეს ყველაფერი დავაოქმეთ, დაოქმების შემდეგ დავამუშავეთ შესაბამისი ცხრილები და ფორმები - პროცესი საკმაოდ გაიწელა ობიექტური მიზეზების გამო. პასუხისმგებლობას ვგრძნობ და გადაწყვეტილებაც მიღებულია ამის გამო",- აცხადებს ლაშა ზარქუა.
წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს კი უჭირს საუბარი, თუ რატომ მიიღო ზარქუამ აღნიშული გადაწყვეტილება.
"ყველა შეკრება დროულად ჩატარდა, 7 აპრილს დამთავრდა სოფლის კრებები, ნორმალურად მიმდინარეობდა. მე თვითონ ბევრ შეხვედრას ვესწრებოდი და შემდგომი ეტაპი უკვე ჩემთვის უცნობია, თუ რატომ მოხდა დაგვიანებით, ეტყობა თვითონ იგრძნო პასუხისმგებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით ", - ამბობს მაია ჩიქავა.