პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დესტრუქციული ძალები ჯერ კიდევ ცდილობენ შეკვეთილი სტატიებით, ბრიუსელში შეხვედრებით ანტისახელმწიფოებრივი კამპანია აწარმოონ, პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები უკვე მოყვა.
ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციას გააფთრებული შეტევა აქვს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, ევროკავშირის მხრიდან რაიმე პოზიტიური დამოკიდებულება არ მიიღოს.
"ოპოზიცია ძალიან სერიოზულად მოემზადა და გააფთრებული შეტევა აქვთ იმაზე, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, ევროკავშირის მხრიდან, რაიმე პოზიტიური დამოკიდებულება არ მიიღოს. ეს ყველაფერი არის სტრატეგიული სქემა, რომელსაც ხაზავენ იმის გამო, რომ საზოგადოების თვალში კარგები გამოჩნდნენ. რეალურად კი ყველაფერი გააკეთეს, რათა მოცემულ ხელისუფლებას წარმატება არ ჰქონდეს. რეალურად როგორია რეიტინგი ქვეყნის სასამართლოსთან, კორუფციასთან, მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ეს არავის აინტერესებს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ოპოზიციაშიც აფასებენ. ენმ-ში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ გადაბრალების პოლიტიკას თავი უნდა დაანებოს და ისინი, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ.
"ხელისუფლებამ უნდა დაანებოს თავი გადაბრალების პოლიტიკას. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და პროდასავლური ოპოზიცია, იმთავითვე მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ბუნებრივია, "ქართული ოცნება," როგორც ხელისუფლება არ იმსახურებს ამას, თუმცა ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ყოველდღე ამტკიცებდა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი უნდა იყოს ურყევი და კანდიდატის სტატუსი ჩვენ უნდა მივიღოთ", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.