რა როლს ასრულებს პარლამენტი ევროინტეგრაციის გზაზე და აქამდე რა გაკეთდა ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესასრულებლად - ძირითადად, სწორედ ეს კითხვა აქვთ დეპუტატებს პირველი კანონმდებლის მისამართით. პარლამენტის თავმჯდომარე 8 ივნისს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და სამოქმედო გეგმას წარადგენს. სხდომა დაიწყება შალვა პაპუაშვილის გამოსვლით და გაგრძელდება პოლიტიკური დებატებით.
პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ პარტნიორებთან დაახლოების და ევროინტეგრაციის მიმართულებით ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი მისასალმებელია.
"ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ გვექნება რაიმე არსებითის მოსმენის მოლოდინი. მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელსაც გადადგამს ხელისუფლება - მათ შორის, პარტნიორებთან დაახლოების, ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, ცხადია და პირიქით, მოვუწოდებთ ასეთი ნაბიჯების კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გადადგმისკენ," - თქვა ლილუაშვილმა.
"რეფორმების ჯგუფის" წევრი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ იმედი აქვს მოხსენება ეს არ იქნება მიღებული კანონპროექტების მშრალი სტატისტიკა. ასევე მისთვის საინტერესოა შეფასება მთავრობის საქმიანობაზე - ევროინტეგრაციის მიმართულებით.
"მოლოდინი მაქვს, რომ ეს არ უნდა იყოს მშრალი სტატისტიკა მიღებული კანონპროექტების, ეს არაფერს არ ეუბნება ადამიანებს. მთავარი დღის წესრიგი, პოლიტიკური და ეროვნული ამოცანა არის ევროპაში ინტეგრაცია და რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით, თავისი საპარლამენტო კომიტეტებით და ა.შ, ეს იქნება ჩემთვის საინტერესო და ჩვენ ვიცით, პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის არამარტო საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკასაც, ანუ მდგენელები ვართ ჩვენ. ასევე, რამდენად დამაკმაყოფილებელია მთავრობის საქმიანობა, ეს შეფასებაც გვჭირდება - ევროინტეგრაციის მიმართულებით," - განაცხადა მანჯგალაძემ.