15 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
ეკონომიკის განვითარების დადებითი დინამიკა - მაჩვენებლების შენარჩუნების შემთხვევაში ექსპერტები სიღარიბის შემცირებაზე საუბრობენ

ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 4 თვის მონაცემებით, საქართველოს 10.8 %- იანი ეკონომიკური ზრდა აქვს. პრემიერმა განმარტა, რომ პირველ კვარტალში მაჩვენებელი 14%-ს შეადგენს. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მსგავსი დადებითი მონაცემები მსოფლიოში ცოტა ქვეყანას აქვს და მთავრობა უკეთესი შედეგისთვის მუშაობს.

პოზიტიურ ტენდენციებზე საუბრობენ ეკონომიკის სამინისტროში. ამბობენ, რომ დღევანდელი მაჩვენებლები, არა მხოლოდ მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებაზე, არამედ ქვეყნის სიღარიბის დაძლევის კუთხითაც აისახება.

მაღალი ეკონომიკური ზრდა რომ მოსახლეობის ფინანსურ სტაბილურობაზე მიუთითებს, ამაზე ექსპერტები საუბრობენ. სპეციალისტების შეფასებით, პოზიტიური ეკონომიკური მაჩვენებელი გულისხმობს მეტ სამუშაო ადგილს, რაც თავის მხრივ რიგითი მოქალაქეების შემოსავლის ზრდას ნიშნავს.

ეკონომიკის ზრდის პარალელურად, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა სიღარიბის დაძლევის ტენდენციებზე გააკეთა აქცენტი. საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 3.8 პროცენტით შემცირდა და 17.5 -ი პროცენტი შეადგინა, რაც, ფაქტობრივად, ისტორიული მინიმუმია. თუ 2013 წლამდე, საშუალოდ, ყოველი მესამე ადამიანი აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო, ოფიციალური სტატისტიკით, ათ წელიწადში მონაცემები განახევრებულია.

რეგიონში არსებული რთული ვითარების ფონზე თუ ეკონომიკის ზრდის ტენდენცია მსგავსი ტემპით შენარჩუნდა, ექსპერტების მოსაზრებით, მომდევნო წლებში სიღარიბის მაჩვენებელი კლებას გააგრძელებს. ამბობენ, რომ ამ კუთხით, სამუშაო ადგილების შექმნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ყურადღებას ამახვილებენ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკასა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის დასაქმების პროგრამაზე, რაც, მათივე განმარტებით, არასრული ჩამონათვალია იმ პროგრამების, რომელსაც სახელმწიფო სიღარიბის შემცირების მიზნით ახორციელებს.

დღის ამბები