15 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
ნებისმიერი ევროპარლამენტარის საჯარო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს საქართველოს, არის პოზიტიური - გურამ მაჭარაშვილი

ვროპარლამენტმა უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდამჭერი განცხადების პროექტი შეიმუშავა. რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მოუწოდებენ ევროკავშირს, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირონ. თბილისში უკვე კეთდება პირველი შეფასებები ევროპარლამენტის განცხადებაზე. ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ ეს მათი მუშაობის შედეგია. "ქართული ოცნება" კი აცხადებს, რომ ასეთი მხარდამჭერი განცხადებები გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე მნიშვნელოვანია.

"მივმართეთ ევროპარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალას და ძალიან მიხარია, რომ  ევროპარლამენტის ბიურომ გაავრცელა განცხადება, სადაც მტკიცედ აფიქსირებს პოზიციას, რომ მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის სწორედ ჩვენი მიღწევა, ეს არის ჩვენი ძალისხმევის შედეგი იმ ფონზე, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი," – აცხადებს "ლელოს" პოლიტიკური მდივანი და პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებული განცხადება, რომელიც მისივე თქმით, ჯერ კიდევ პროექტია, მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და იმის მანიშნებელია, რომ ტრიოს ქვეყნების გაყოფა სწორი არ არის და რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას უნდა მიეცეს. აქუბარდია იმედოვნებს, რომ ამ განაცხადს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინებენ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარების მიერ ნებისმიერი საჯაროდ გაკეთებული განცხადება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საჭიროებასთან დაკავშირებით არის პოზიტიური.

"ნებისმიერი ევროპარლამენტარის საჯარო განცხადება თუ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს საქართველოს, არის პოზიტიური, მაგრამ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ერთის მხრივ ჩარბის ბრიუსელში და ამბობს, რომ მუშაობს საქართველოს სასარგებლოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ საპარლამენტო მაღალი ტრიბუნიდან ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ეს არის ორმაგი სტანდარტი. ამას საზოგადოება ხედავს. როდესაც შენ ამბობ, რომ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში არანაირი ევროპული ნაბიჯი არ გადადგმულა, პირიქით დემოკრატიული უკუსვლაა და ა.შ. აქ საქართველოში ამას ამბობ და შემდგომ ცდილობ, რომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს საქართველოს, ამას არავინ არ დაგიჯერებს," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.  

დღის ამბები