15 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
"ტექნიკურ პროცედურამდე არ უნდა დავიყვანოთ ეს ყველაფერი" - როგორ აფასებს პოლიტიკური სპექტრი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კომპეტენციების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სარჩელს

პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კომპეტენციების გამიჯვნაზე მთავრობის საკონსტიტუციო სარჩელს პოლიტიკურ სპექტრში უკვე მოჰყვა შეფასებები.

"სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, სარჩელს პოლიტიკური სარჩული აქვს.

"მიუხედავად იმისა, რომ ცვლილების დროს ამტკიცებდა "ქართული ოცნება", რომ არ აპირებდა სარჩელის შეტანას, მაინც შეიტანეს ეს სარჩელი. ჩემთვის ეს არის პოლიტიკური საკითხი. ბუნებრივია არსებობს დავა კომპეტენციების თაობაზე, მაგრამ იმის განმარტება, რომ ელჩების დანიშვნის დროს პრეზიდენტს მხოლოდ ბეჭდის დასმის ფუნქცია აქვს და არ შეუძლია შინაარსში შევიდეს ამ საკითხზე, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს ამ პროცედურის არსებობას. გამოდის, რომ პრეზიდენტის ფაქსიმილიაა საჭირო და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ დაასვას ეს ფაქსიმილია. ტექნიკურ პროცედურამდე არ უნდა დავიყვანოთ ეს ყველაფერი," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. 

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია კი, სარჩელის მიზანს ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სარჩელის არსს განმარტავს. 

"რაც შეეხება პრეზიდენტის დასჯის სურვილს, ეს არის ბოდვა ჩვეულებრივი, რომელიც კარგად იყიდება, მით უმეტეს თუ ასეთი მედია მხარდაჭერა გაგაჩნია დეზინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით. აქ არის კონკრეტული თხოვნა, განმარტება - აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლებამოსილება შეაჩეროს გადაწყვეტილება ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით კონკრეტული მოქმედებით და არა რაიმე რეზოლუციის ან დოკუმენტის გამოცემით, რომელსაც არ ითვალისწინებს კონსტიტუცია. მოქმედება არის - არდანიშვნა. ამ მოქმედებით ეწინააღმდეგება თუ არა პრეზიდენტი კონსტიტუციურ ნორმებს, რომელიც დაწესებულია მისი უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებით," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, აღმასრულებელი ხელისუფლება განმარტებას საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს. მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს არ ანიჭებს როგორც აღმასრულებელ ძალაუფლებას, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებამოსილებას და ეს მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა.

დღის ამბები