15 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
რას ეხება მთავრობის სარჩელი, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს - ირაკლი კობახიძის განმარტება

რას ეხება მთავრობის სარჩელი, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები კეთდება მმართველ გუნდში. როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა, ეს საქმე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არ გახდება და ამ თემაზე საუბარი სპეკულაციაა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს - ვისი მატერიალური პრეროგატივაა ელჩების დანიშვნა.

"მთავრობის სარჩელი მხოლოდ და მხოლოდ ელჩებს და არავითარ შემთხვევაში ვიზიტებს არ შეეხება. ვიზიტები არის განყენებული თემა, მხოლოდ ელჩების დანიშვნის საკითხს შეეხება მთავრობის სარჩელი. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეს კონკრეტული საქმე ვერავითარ შემთხვევაში ვერ და არ გახდება იმპიჩმენტის საფუძველი. შესაბამისად, ეს არის სპეკულაცია.

ერთადერთი, რასაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააკეთებს, ეს არის ნორმის განმარტება ანუ განმარტავს იმას, თუ როგორ უნდა დაინიშნონ ელჩები, ვისი მატერიალური პრეროგატივაა ელჩების დანიშვნა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა შეაფასა მამუკა მდინარაძემაც.

"ჩვენ არ გვითქვამს, რომ ამ სარჩელის შედეგი იქნებოდა კონკრეტული სანქცია, შედეგი მთავრობის მხრიდან არის მოთხოვნილი და ამას ჰქვია განმარტება. მოხდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა და თუ ეს საკითხი არ იქნებოდა აქტუალური, მაშინ კამათსაც არ გამოიწვევდა. რა დაშავდება იმით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უბრალოდ განმარტოს კომპეტენციის ფარგლები?" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, აღმასრულებელი ხელისუფლება განმარტებას საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს. მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს არ ანიჭებს როგორც აღმასრულებელ ძალაუფლებას, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებამოსილებას და ეს მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა.

დღის ამბები