პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კომპეტენციების გამიჯვნაზე მთავრობის საკონსტიტუციო სარჩელზე ოპოზიციაში შეფასებები გრძელდება.
როგორც "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, მისთვის შემაშფოთებელია ის არგუმენტები, რომელიც მოცემულია ამ საკითხთან დაკავშირებით.
"მე ძალიან მაინტერესებს თავად საკონსტიტუციო სასამართლო რას იტყვის ამის თაობაზე. სად წერია, რომ მას რაიმე განმარტებების უფლება აქვს და არ აქვს ამ თემაზე სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლება? დაველოდოთ, ამას პროცესი გვაჩვენებს. არგუმენტები რომელიც მოყვანილია ჩემთვის, როგორც იურისტისთვის არის შემაშფოთებელი," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის შეფასებით, სარჩელს პოლიტიკური საფუძველი აქვს.
"მე ქალბატონ სალომეს ღიად მივმართავ, შუალედური ხმა ამ ადამიანებთან არ ჭრის. დადგა დრო, რომ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადადგათ იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" აღვირახსნილი ქმედებები, რასაც ის აკეთებს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, შეაჩეროს. ეს არ არის მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი დავა. ეს არის დიდი პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება," - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.
ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, აღმასრულებელი ხელისუფლება განმარტებას საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს. მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს არ ანიჭებს როგორც აღმასრულებელ ძალაუფლებას, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებამოსილებას და ეს მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა.