სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ვიზიტით იტალიაშია. პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს, "კვირინალეს" სასახლეში, საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა, შესრულდა საქართველოს და იტალიის რესპუბლიკის ჰიმნები.
პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს იტალიის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშას.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს და იტალიის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართეს და მედიისათვის, ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
"ბოლო 30 წელი, საქართველოს მოსახლეობა ევროპისკენ არათუ ურყევად იყურება, არამედ, 80 პროცენტზე მეტი მყარად უჭერს მხარს ევროპული ინტეგრაციის ამ პროცესს, რომელიც დღეს ახალ ჭრილში ჩანს - აჩქარებული პროცესი, რომლისთვისაც ჩვენ უნდა ვიყოთ მზად.
ამიტომ, ამ წარსულიდან, ამ თარიღებიდან გამომდინარე, ლოგიკური და მიზანშეწონილია, რომ სწორედ აქ და ახლა, პრეზიდენტ მატარელასთან გვაქვს საშუალება, რომ კიდევ ერთხელ, გავუსვათ ხაზი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესს, იმ მოლოდინს, რაც საქართველოში არსებობს და ვიცით, რომ იტალია ერთ - ერთი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ყველაზე უფრო მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველო - იტალიის ურთიერთობაზე ისაუბრა იტალიის პრეზიდენტმა, სერკო მატარელამ და კიდევ ერთხელ დააფიქსირა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა.
"ორი სახელმწიფოს საინტერესო ურთიერთობა აკავშირებს, რაც ისტორიულ მეგობრობაზეა დამყარებული. ეს ურთიერთობა მუდმივად ვითარდება. ჩვენ გვახსოვს ის, რაც მოხდა 2008 წელს. იტალია, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ, არ ვაღიარებთ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების დე ფაქტო ოკუპაციას.
რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიას დიდი გამოძახილი აქვს მთელს რეგიონში. ამან კიდევ ერთხელ დააჩქარა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა, ასევე საერთო ძალისხმევა მშვიდობის შესანარჩუნებლად.
საქართველო ევროპული ცივილიზაციის წევრია, საქართველოს სურს ევროპის სრულფასოვანი ოჯახის წევრი გახდეს და მის მისწრაფებას იტალია მხარს უჭერს", - განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა