აჭარის უმაღლეს საბჭოში ორი დღის წინ გამართულ ხმაურიან სხდომას, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ეხმიანებიან.
დეპუტატმა ტიტე აროშიძემ, "ნაციონალური მოძრაობის" კონკრეტულ წევრებს, წარსული გაახსენა. აროშიძის მტკიცებით, ელგუჯა ბაგრატიონი წარსულში ჯგუფური ყაჩაღობისთვის არის ნასამართლევი და სასჯელიც მოხდილი აქვს. იგი ასევე ამბობს, რომ გია აბულაძემ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს განათლების მინისტრის პოსტსაც იკავებდა, ბურთის ქურდობისთვის 14 წლის ბავშვი დააპატიმრებინა.
"ელგუჯა ბაგრატიონი ნასამართლევია ყაჩაღობაზე და გასამართლებულია 2004 წელს ჯგუფური დანაშაულისათვის, მოხდილი აქვს სასჯელი. გია აბულაძემ, რომელიც "ნაციონალების" დროს გახლდათ განათლების მინისტრი, სკოლის მოსწავლე, 14 წლის ბავშვი დააჭერინა და მხოლოდ და მხოლოდ სახლში ბურთის წაღებისათვის მიუსაჯეს სასჯელი. ეს არის უტყუარი ფაქტები და მხოლოდ და მხოლოდ საჯარო ინფორმაცია, რომელსაც ვეყრდნობით ჩვენ", - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძემ.
აღნიშნულ ბრალდებებს, არასერიოზულად უყურებენ ოპოზიციაში.
შეგახსენებთ, 7 ივნისს, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, თორნიკე რიჟვაძე ოპოზიცია ნეპოტიზმსა და კორუფციაში დაადანაშაულა.