15 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით და თურქეთში მცხოვრები ქართული ისტორიული დიასპორის ინიციატივით, თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი "ჩვენებურები" იმართება

პირველად საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით და თურქეთში მცხოვრები ქართული ისტორიული დიასპორის ინიციატივით თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი "ჩვენებურები" იმართება.

ფორუმის ფარგლებში საქართველოში 100-ზე მეტი თურქი მეწარმე, პოტენციური ინვესტორი, თურქეთის სხვადასხვა რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი, სასოფლო-სამეურნეო, კვების, მსუბუქი მრეწველობის, ტურიზმის და სხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან.

"ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ სხვა მეზობლების მოზიდვა და პატარა კავშირის შექმნა იმ ქვეყნებისა, რომელთაც სურთ გახდნენ ევროკავშირის ნაწილი" - ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"თურქეთის რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და დღეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია საერთაშორისო ასპარეზზე.

ამასთან, საქართველო და თურქეთი უკვე მრავალი წელია ავითარებენ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას მთელი რიგი მიმართულებით. არსებობს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, მაღალი ინტენსივობის პოლიტიკური დიალოგი, სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობები. ფართო სპექტრის და მდგრადი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენი დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენლებს," - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

"ჩვენს რეგიონში თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი არიან ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნები. ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ სხვა მეზობლების მოზიდვა და პატარა კავშირის შექმნა იმ ქვეყნებისა, რომელთაც სურთ გახდნენ ევროკავშირის ნაწილი.

ვთვლი, რომ საქართველო ნამდვილად არის ევროპული ქვეყანა, ისევე, როგორც თურქეთი. მჯერა, რომ ჩვენ დავიმსახურეთ ვიყოთ ევროკავშირის წევრები, მაგრამ ამ მოლოდინში საჭიროა ჩვენს ქვეყნებში განვავითაროთ ეს მოდელი და დავიწყოთ მისი განხორციელება. ეს პროცესი უკვე დავიწყეთ კიდეც ჩვენ ქვეყნებს შორის საზღვრების მოხსნით. ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ პასპორტისა და ვიზის გარეშე გადასვლა, ასევე გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა. ჩვენთვის მთავარია, რომ ერთმანეთს მეტი კეთილდღეობა მოვუტანოთ,"-აცხადებს თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი.

დღის ამბები