ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციაში მმართველი პარტია მეტ ფაქტობრივ სიზუსტეს ელოდა. "ქართული ოცნების" ლიდერებს ევროპელი კოლეგებისგან დოკუმენტში გადამოწმებული ინფორმაცია დააკლდათ. სახელისუფლებო გუნდი რეზოლუციის მომზადების მიღმა, ოპონენტების და ლობისტების ხელწერას ხედავს.
ოპოზიციის განცხადებით, რეზოლუციაში მნიშვნელოვანი ის ნაწილია, სადაც ევროპარლამენტარები პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებაზე მიანიშნებენ. კიდევ ერთი, რაზეც ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ, დოკუმენტში შეტანილი შესწორებაა, ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების საკითხთან დაკავშირებით.
მმართველი გუნდი 2012 წლის შემდეგ პერიოდზე საუბრობს და ოპოზიციას ურჩევს, ის ცვლილებები გაიხსენონ, რაც ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლას მოჰყვა.
ევროპარლამენტის კრიტიკაზე პასუხისმგებლობას, ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას აკისრებს. ამბობენ, რომ ევროპელი პოლიტიკოსების პოზიცია, მმართველი პარტიის მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯების შედეგია.
"ქართული ოცნებაში" განმარტავენ, რომ ევროპარლამენტარების მიერ მიღებული რეზოლუცია, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და ის გავლენას ვერ მოახდენს ქვეყნის ევროპულ მომავალზე.
ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 218 კი წინააღმდეგი იყო. ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დოკუმენტი საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ მოამზადა.