პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან დღეს ისაუბრა.
"მინდა ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, ევროპარლამენტის ასეთ რეზოლუციას არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში არ აქვს. მათი როლი არის სიმბოლური, მე მინდა ვთქვა, რომ შეურაცხმყოფელია რეზოლუცია, რომელიც გაჯერებულია ტყუილებით, ამაში მე დავინახე ირაციონალურობაც, ყოველგვარი გონივრულობა და რაციონალი ამ რეზოლუციიდან არის ამოვარდნილი. ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა, ბევრი ტყუილი იყო ამ რეზოლუციაში.
მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ კარგად გვესმის და ისე ნუ წარმოვაჩენთ ამ სპექტაკლს, რომელიც აქ დაიდგა და ქვეყნის მტრები აჟიტირებულები არიან, თითქოს რაღაც სასწაული ხდება და სასწაულს კარგავს ქვეყანა.
მე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჩვენ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ, ჩავიბარეთ ეს ქვეყანა მძიმე მემკვიდრეობით, ქვეყანა, სადაც ადამიანებს კლავდნენ, აუპატიურებდნენ და ხოცავდნენ, არანაირი დემოკრატიის ნიშანწყალი არ იგრძნობოდა - ეს იყო დიქტატორული რეჟიმი. არ არსებობდა სასამართლო.
ბოლო 9 წლის მანძილზე ივანიშვილის გუნდმა ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტის ნაბიჯი გავაფორმეთ, რამაც რეალურად დაგვაახლოვა ევროპასთან და ამას შევახსენებ ყველას. ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და წევრობაზე განაცხადი. ყველა ის ეფექტური ნაბიჯი, რაც მთავრობას უნდა გადაედგა, ჩვენი მხრიდან არის გადადგმული,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.