NATO-ს გენერალური მდივანი ფინეთში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა. იენს სტოლტენბერგმა და საული ნიინისტომ ფინეთის ალიანსში გაწევრიანების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
როგორც NATO-ს გენერალური მდივანი ამბობს, ჯერ კიდევ არსებობს იმედი იმისა რომ შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება არ გაჭიანურდება. მან ასევე ხაზი გაუსვა ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ გაიმეორა რომ NATO-ს კარი ღია რჩება.
"შვედეთის და ფინეთის გადაწყვეტილება NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ისტორიულია. თქვენ ჩვენი ახლო პარტნიორები ხართ. თქვენ გაქვთ ძლიერი დემოკრატია და გაქვთ ძლიერი სამხედრო შესაძლებლობები. თქვენი NATO-ში გაწევრიანება გაზრდის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. ჩვენი ძალები წვრთნებს ერთად გადიოდნენ მრავალი წლის განმავლობაში. ფინელ სამხედროებს წვლილი შეაქვთ NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში. ჩვენ გავაძლიერეთ ინფორმაციის გაზიარება ჩვენი უსაფრთხოებისთვის ამ კრიტიკულ დროს.
ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება გაძლიერებს ალიანსის სკანდინავიის რეგიონს. ახლა მოკავშირეები შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ. ჩვენ უნდა განვიხილოთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა მოკავშირის შეშფოთებები, მათ შორის თურქეთის, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებებს შეეხება. მე ახლო კონტაქტში ვარ, როგორც შვედეთთან და ფინეთთან, ასევე თურქეთთან. ჩემი გუნდს ასევე აქვს დიალოგი სამივე ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, რათა განიხილონ თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთებები და წინ წაიწიოთ ჩვენს ალიანსში გაწევრიანების გზაზე," - განაცხადა სტოლტენბერგმა.
"გაოცებულები დავრჩით თურქეთის პოზიციით. საერთაშორისო პოლიტიკის წესების თანახმად, სერიოზულად უნდა მივიღოთ კოლეგების არგუმენტები. სწორედ ასე მოვიქცევით თურქეთის შემთხვევაშიც. ამ თემაზე გვქონდა კონტაქტი თქვენთან და ანკარასთან. იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ ისეთ გამოსავალს ვიპოვით, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს. უფრო სერიოზულია ომი უკრაინაში, ევროპაში. ამაზეც ბევრი ვიმსჯელეთ, თუმცა სამწუხაროდ, ამ დროისთვის, ვერცერთმა ჩვენგანმა ვერ დაინახა ნათელი საბოლოო წერტილი. ეს, რა თქმა უნდა, ევროპის საერთო პრობლემაა," - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.