საქართველო ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინშია, პასუხი სავარაუდოდ, 23 ივნისის შემდეგ გახდება ცნობილი.
როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა ოპოზიცია თვლის, რომ მათი ოპონენტები „პირდაპირ არგუმენტებს ქმნიან” იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭონ.
უმრავლესობა კი ამბობს, რომ ქვეყანამ წარმატებით განახორციელა რეფორმები, შეასრულა ვალდებულებები და უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით უკეთესი შედეგები აქვს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობას კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის :
"ქართველ ხალხს ნამდვილად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, "ქართული ოცნების" დამსახურებაზე რა მოგახსენოთ... როცა ევროპელებს ლანძღავ, როცა შენს მოკავშირეებს, სტრატეგიულ პარტნიორებს ადანაშაულებ, რომ ვითომ ომში ჩათრევა უნდათ შენი, როდესაც არ აკეთებ იმ რეფორმებს, რაც არის ევროპული სტანდარტი.
[ივანიშვილის წინააღმდეგ] სანქციების ნაწილი ამოქმედებულია, იმიტომ რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ მითუმეტეს არცერთი საბანკო დაწესებულება მას არ მოემსახურება. ეს არის ის ვითარება, რაშიც თვითონ ჩაიგდო თავი," - ამბობს ვაშაძე.
ხელისუფლების ნაბიჯებს და განცხადებებს აკრიტიკებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩიაც, თუმცა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი აქვს"
"ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით - ხელისუფლება, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ მოგვანიჭონ [სტატუსი], მაგრამ, ამის მიუხედავად, მე იმედი მაქვს, მხოლოდ აწმყოთი არ შეაფასებენ ჩვენს ღვაწლს, წარსულსაც გაითვალისიწნებენ და გაითვალისწინებენ ქართველი ხალხის განწყობას რომელიც ამას დიდი მოლოდინით ელოდებიან.
არ ვარ სანქციების გულშემატკივარი, მაგრამ, ზოგადად, შეცდომების კასკადმა, შესაძლოა, ყველაფრამდე მიგიყვანოს , მათ შორის, ისეთ რაღაცამდე, რასაც საერთოდ არ ელოდები. აქედან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც ამის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტში ჩაიწერა, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება," - აღნიშნავს ხვიჩია.
საქართველოში დემოკრატიული ხელისუფლების არარსებობაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი რომან გოცირიძეც და ამის გამო, მისი თქმით, პროგნოზის გაკეთება, მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს საქართველო, ძნელია.
"იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საქართველო გახდება წევრობის კანდიდატი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება და ერთი ადამიანის მმართველობის ქვეშ არის.
ამიტომ, ერთია ქვეყნის სამომავლო ინტერესები და მისი მომავალი ბედი და მეორეა - ცალკეული, მათ შორის, ივანიშვილის მომსახურე ადამიანების პოზიცია. დღეს წყდება ქვეყნის ბედი და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული ხალხის საკეთილდღეოდ," -ამბობს რომან გოცირიძე.