კანდიდატობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, როგორც ოპოზიციაში, ასევე მმართველ გუნდში დადებითი მოლოდინები აქვთ.
ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებაში.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ არ იცის, რას მოისმენს ევროკავშირისგან.
"მე ვიცი, რა მინდა მოვისმინო ევროკავშირისგან, მაგრამ ამას მოვისმენ თუ არა, არ ვიცი. მე მინდა მოვისმინო, რომ ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა ვიმსახურებთ წევრობის კანდიდატობას. ამ ყველაფრის მოსმენას ვისურვებდი ბრიუსელიდან, მაგრამ არ ვიცი, ამას მოვისმენ თუ არა,"- აცხადებს ელისაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა აიღოს რეფორმებზე პასუხისმგებლობა.
"ხელისუფლებამ უნდა გადადგას სწორი ნაბიჯები და არა იმ ტიპის რიტორიკა, რომელსაც ის ყოველდღიურად აჟღერებს. თუ ხელისუფლებას აქვს რეალური განზრახვა და რეალურად მას სურს, რომ განაცხადს მოჰყვეს შედეგები მან უნდა გადადგას რეალური ნაბიჯები. რეფორმებზე ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა,"- აცხადებს ნაცვლიშვილი.