15 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
"ამ დღეს პოლიტიკოსებს არ ვიხილავთ სცენაზე" - 20 ივნისს დაგეგმილი აქცია სირცხვილიასა და ენმ-ს შორის ურთიერთბრალდებების მიზეზი ხდება

20 ივნისს პარლამენტთან დაგეგმილი აქცია სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ურთიერთბრალდებების მიზეზი ხდება.

მოძრაობის წევრები ამტკიცებენ, რომ ევროკავშირში განაცხადზე პასუხის მოლოდინში, აქცია აპოლიტიკური უნდა იყოს.

აქციის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ტრიბუნაზე გამომსვლელი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას პოლიტიკურ ელფერს მისცემენ. ასევე, მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და მთავრობის გადადგომას.

"აქციაზე სიტყვით არ გამოვლენ ოპოზიციის წარმომადგენლები და არ დადგება მწვავე პოლიტიკური მოთხოვნები, თუმცა ჩვენი გზავნილია ხელისუფლებისადმი, რომ ის ვალდებულებები, რომელიც ნაკისრი აქვს ხელისუფლებას, ასოცირების შეთანხმებით თუ შარლ მიშელის დოკუმენტით, ეს პასუხისმგებლობები უნდა შესრულდეს და ჩვენი ევროინტეგრაციის გზა იყოს წარმატებული.

ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ პარტიას და ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერს შეუძლია, რომ აქციას შემოუერთდეს და საკუთარი ლოზუნგითა თუ ბანერით დადგეს, თუმცა, ამ დღეს პოლიტიკოსებს არ ვიხილავთ სცენაზე," - განაცხადა "სირცხვილიას" ერთ-ერთმა აქტივისტმა. 

იდეას არ იზიარებს ოპოზიციის ნაწილი, რასაც სოციალურ ქსელში მათი დაპირისპირებაც მოწმობს.

"20 ივნისს იქნება კონკრეტული დაფიქსირება, რომ ჩვენს ქვეყანას სურს, ვიყოთ ევროპის ოჯახი და არ ვიყოთ რუსეთის გუბერნია, როგორც ეს ბატონ ხუნდაძეს წარმოუდგენია. ამიტომ კონკრეტული მოთხოვნები იქნება თუ არ იქნება, ამაზე საუბარიც კი არ მიდის. ერთადერთი მთავარი შინაარსი აქვს ამ აქციას რომ ვუთხრათ ცივილიზებულ სამყაროს, ჩვენ ნამდვილად გვინდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები.

მათი [აქციის ორგანიზატორები] მხრიდან წამოვიდა კონკრეტული თავდასხმა ჩემდა სამწუხაროდ, ვწუხვარ, მგონია რომ მათ უნდა ჰკითხოთ, რას მერჩიან," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა. 

"კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ 20 ივნისამდე დაპირისპირება უკიდურესად დიდი შეცდომაა.

"20 ივნისამდე დაპირისპირება უკიდურესად დიდი შეცდომაა. სულ მუნჯად და მორჩილად ვიდგები სადღაც, როგორც მოსამსახურე ჩვენი ქვეყნის. აუცილებლად ვაპირებ მისვლას. არანაირად არ ვაპირებ გულუბრყვილო ახალგაზრდების, თუ შეცდომაში შეყვანილი, თუ განზრახ ვიღაცის გეგმას აყოლილი რამდენიმე ადამიანის აზრს [დავემორჩილო]. ეს არ არის კომუნისტური რეჟიმი. უგულვებელყოფა იმ 7 პუნქტისა არ შეიძლება. დაჩაგრო ადამიანები ამას ჰქვია, რომ პოლიტპატიმრები გყავს და არ ახსენო, ამიტომ შეცდომა იქნება," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

აქციის ფორმასთან და შინაარსთან დაკავშირებით კამათი და ურთიერთბრალდებები სოციალურ ქსელში კვლავაც გრძელდება.

დღის ამბები