15 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
არანაირი კავშირი პარლამენტის მხრიდან რეზოლუციის მიღებას არ აქვს ჰააგაში მიმდინარე პროცესებთან - ანა ნაცვლიშვილი

პარლამენტში ბიუროს სხდომაზე დისკუსიის საგანი ორი თემა გახდა, პირველი ეხებოდა "ლელოს" მიერ ინიცირებულ რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს ეხება; მეორე სადავო თემა კი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის გადავადება იყო. 

რაც შეეხება "ლელოს" რეზოლუციას, "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული რეზოლუციის პროექტი, რომელიც შინაარსობრივად ომში ჩადენილ დანაშაულების გამოძიებას გულისხმობს, არანაირ კავშირში არ არის მაგალითად ჰააგის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან. ეს უბრალოდ, მისივე შეფასებით, იქნება საქართველოს პარლამენტის მხრიდან მორალური მხარდაჭერა ომში მყოფი უკრაინის მისამართით.

"არანაირი კავშირი პარლამენტის მხრიდან რეზოლუციის მიღებას არ აქვს ჰააგაში მიმდინარე პროცესებთან. ჰააგა, ეს არის სრულად სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს, ხოლო საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია, ეს არის პოლიტიკური და მორალური შეფასების მიცემა იმისთვის, რაც უკრაინაში ხდება. სად წერია რეგლამენტში, რომ განხილვის გადავადების საფუძველი შეიძლება გახდეს პოლიტიკური პოზიცია? ეს არის თქვენი გუნდის პოლიტიკური პოზიცია, ეს არ არის პარლამენტის პოლიტიკური პოზიცია, ამიტომ მოდით ნუ გადავდებთ, განვიხილოთ და ჩააგდეთ," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" არგუმენტებს, უმრავლესობის დეპუტატები თვლიან, რომ ის, რომ სწორედ საქართველოს მთავრობა არის ჩართული ომში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ნაწილში, მათი შეფასებით, ახლა ყველაზე სწორი და ცალსახა პასუხია.

"პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოზიცია საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის უმრავლესობამ დააფიქსირა ძალიან მარტივად. როდესაც მთავრობა, რომელიც არის შექმნილი უმრავლესობის მიერ, იღებს გადაწყვეტილებას, რომ დაასპონსოროს სასამართლოში ომის დანაშაულებების შესახებ გამოძიება, ეს არის უკვე ავტომატურად "ქართული ოცნების", საქართველოს მთავრობის და პარლამენტის უმრავლესობის პოზიცია. ეს შეგიძლიათ ჩათვალოთ ჩვენს პოზიციად. რაც შეეხება ამ რეზოლუციის განხილვას, მისი გადადება ამ ეტაპზე არის მიზანშეწონილი," - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.

დღის ამბები