14%-ით გაზრდილი ეკონომიკა და 504 მილიონი დოლარი, რომელიც ქვეყანამ საქონლის ექსპორტიდან მიიღო - საქართველო მსოფლიოში არსებული ეკონომიკური პრობლემების ფონზე რეგიონში ისევ წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს. ქვეყნის ეკონომიკური წარმატება დღეს მთავრობის სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა, პრემიერმა განსაკუთრებული აქცენტი ტურიზმსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე გააკეთა. ამავე თემაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ განუმარტა თუ რატომ არ შეუერთდა ქვეყანა რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს და აღნიშნა, რომ ეს საქართველოსთვის დამღუპველი აღმოჩნდებოდა. ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებაზე საუბრობენ დარგის სპეციალისტები და აღნიშნავენ, რომ საქართველოს ახლა აქვს შანსი მსოფლიო ბაზარზე თავი უფრო მყარად დაიმკვიდროს.
პირველ კვარტალში ეკონომიკა 14,4%-ით გაიზარდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ორნიშნა ზრდა მსოფლიოს მასშტაბით უპრეცენდენტოა და ამ სტაბილურ ვითარებას ბიზნესიც გრძნობს. პრემიერ-მინისტრი მთავრობის სწორ პოლიტიკაზე მიუთითებს და ამბობს, რომ მაღალი მაჩვენებლები ყველა მიმართულებით შეინიშნება.
პრემიერის განმარტებით, ექსპორტის რაოდენობა რეკორდულია არა მხოლოდ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, არამედ სხვა თვეებთან შედარებითაც. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები მთავრობის სწორ ნაბიჯებზე და ეროვნულ, მოქალაქეებისთვის სასარგებლო პოლიტიკაზე მიუთითებს.
"საქსტატის" მხრიდან ეკონომიკური მონაცემების განახლებულ მაჩვენებლებზე საუბრობს ვიცე-პრემიერი. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში დამაიმედებელი ტენდენციებია. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ყველა წინაპირობაა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა მომავალშიც დაფიქსირდეს.
საგარეო ვაჭრობის ტემპზე საუბრობენ ექსპერტები. სპეციალისტების განცხადებით, მაისში ახალი რეკორდი მოიხსნა.
მთავრობის ეკონომიკური გუნდი მომდევნო თვეებში უფრო გაზრდილ მონაცემებს ელოდება.