15 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს 

პრეზიდენტის მიერ დღეს ჩანიშნულ ბრიფინგს უმრავლესობაში ეხმაურებიან. რა იქნება სალომე ზურაბიშვილის მთავარი სათქმელი, ამაზე მმართველ გუნდში წინასწარ ვერ საუბრობენ.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სააკაშვილთან და გვარამიასთან ერთად, ერთ კონტექსტში მოხსენიება, უხერხული იყო. 

" ჩვენ ყველა ერთიანი ვართ მიზანში, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს სტატუსი მივიღოთ. საქართველოს ხელისუფლება ამისთვის მაქსიმუმს აკეთებს. ბიძინა ივანიშვილის ამ ორ ადამიანთან მოხსენიება, როგორც მინიმუმ უხერხული და არაკორექტულია", - აცხადებს  ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი დღეს, ბრიფინგზე, მთავარ აქცენტს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს.

"პრეზიდენტს აქვს უფლება ჩანიშნოს ბრიფინგი. დარწმუნებული ვარ ეს შეეხება ისევ და ისევ ევროკავშირის თემას. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი სალომე ხაზს გაუსვამს, რომ საქართველო ყველა კრიტერიუმით მოწინავეა და აქედან გამომდინარე მგონია, რომ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველომ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს. დარწმუნებული ვარ, რუსეთი ვერ შეძლებს იმას, რომ უარი ათქმევინოს ევროკავშირს ამ პროცესზე",- აღნიშნავს ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები