რატომ უნდა მიიღოს საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი - ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ამ თემაზე რამდენიმე საათი მსჯელობდნენ.
"კურიერისთვის" დღეს გახდა ცნობილი, რომ ევროპარლამენტში საგარეო კომიტეტის წევრებს დახურულ შეხვედრაზე საქართველოში ევროკავშირის მისიის წარდგენილი ხელმძღვანელი ხვდებოდა. შეხვედრა, დაახლოებით, 1 საათს გაგრძელდა.
ცნობისთვის, ევროკავშირის მისიის წარდგენილი ხელმძღვანელი პაველ ჰერჩინსკი გასულ კვირას ოფიციალურად წარადგინა ამ პოსტზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო სამსახურის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელიმ. დიპლომატი საქართველოში სექტემბრის თვეში აპირებს ჩამოსვლას და აღნიშნული სტატუსით პირველი კომენტარი მან სწორედ "კურიერთან" გააკეთა.
"რა თქმა უნდა, საქართველოს ადგილი აქ არის - ევროპულ ოჯახში. მალე გაირკვევა თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული კომისია. საქართველოს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ჩემს საქმიანობას საქართველოში სექტემბერში შევუდგები," – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის მისიის წარდგენილი ხელმძღვანელი პაველ ჰერჩინსკი.
მთავარი არგუმენტი კი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოებისა და ევროპარლამენტარ პეტრას ასტრევიჩუსის ინიციატივით გამართულ დისკუსიაში რუსული ფაქტორი დასახელდა. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ორგანიზაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ ეს თბილისის კიევისა და კიშინიოვისთვის გადარჩენის ერთადერთი გზაა.
"ეს არის პერიოდი ცვლილებების , ვიტყოდი რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა მთელი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის . ამიტომ ჩვენ ძალიან სერიოზულები და უკეთ კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ როცა საქმე ევროკავშირის მომავალს ეხება, ისეთ ქვეყნებთან როგორიცაა: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. რადგან ამ ქვეყნებს აქვთ შანსი მიიღონ კანდიდატის სტატუსი. არსებობს სხვადახვა ფაქტორი ამ ქვეყნებისთვის სტატუსის მისანიჭებლად. ერთ ერთი მიზეზი გეოპოლიტიკურია, უკრაინა ომის გამო პირველმა გააკეთა განაცხადი. ეს გაკეთდა რუსეთის აგრესიისგან თავის დასახსნელად და უკეთესი მომავლის მოსაპოვებლად. უკრაინას მოყვა მოლდოვა და საქართველო. ამ ქვეყნების კანდიდატის სტატუსზე მოსაზრება გასაჯაროვდება მომავალ კვირას. ველოდებით ევროკომისიისგან პოლიტიკურად ბრძნულ გადაწყვეტილებას," - აცხადებს ევროპარლამენტის წევრი პეტრას ავსტრევიჩუსი პეტრას ავსტრევიჩუსი.
ევროპელმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა ისაუბრეს იმაზეც, რომ თუ ასოცირებული ტრიოს ქვეყნები კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებენ, ეს ევროინტეგრაციის გზაზე მათ დემოტივაციას გამოიწვევს.
"ახლა მხარდაჭერის დონე მაღალია, ამიტომ უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მთავრობები უნდა მიყვნენ თავიანთი მოსახლეობის მოლოდინებს. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, მინდა ყურადღება გავამახვილო მშვიდობის საკითხზე. საუბარია ქვეყნის არჩევანის თავისუფლებაზე. რუსეთი ყოველთვის აცხადებდა, რომ არჩევანის თავისუფლება დასჯადია, ამის საუკეთესო მაგალითია საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. სამივე ქვეყანამ როცა გადაწყვიტა ევროპული გზა, ამისთვის ტერიტორიული დანაკარგი განიცადეს. რუსეთს სამივე ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. რუსებს არ უნდა მიეცეთ ახალი პროპაგანდის აგორების საშუალება. თუ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას კანდიდატის სტატუსზე უარს ეტყვიან, მაშინ რუსეთს კიდევ ერთ არგუმენტს ჩაუგდებენ ხელში. ეს იქნება დიდი შეცდომა და აუცილებლად გამოიწვევს ამ ქვეყნების დემოტივაციას," - აცხადებს უკრაინის საგარეო პოლიტიკის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე სერგი გერასიმჩუკი.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების დირექტორი ანა ფურტუნა თვლის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის შეთანხმება რეგიონს სთავაზობს ზუსტად იმას, რაც წევრ ქვეყნებს ამ ახალ ეტაპზე რუსეთის წინააღმდეგ სჭირდებათ.
"აღმოსავლეთ პარტნიორობის შეთანხმება რეგიონს სთავაზობს ზუსტად იმას, რაც წევრ ქვეყნებს ამ ახალ ეტაპზე რუსეთის წინააღმდეგ სჭირდებათ. აღმოსავლეთის პარტნიორობა ახლა იმაზე მეტადაა საჭირო, ვიდრე ოდესმე. შეთანხმების მრავალმხრივი ჩარჩო აღრმავებს ორმხრივ ურთიერთობებს წევრ ქვეყნებს შორის. ჩვენ ყველა ველოდებით საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც იმედია მომავალ კვირას იქნება. ასოცირებული ტრიოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ნიშნავს მათ ძლიერ მხარდაჭერას ევროინტეგრაციის პროცესში. კანდიდატის სტატუსის მინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილებას არამარტო ტრიოს ქვეყნებზე, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობასა და მთლიანად ევროკავშირის მომავალზე ექნება გავლენა," - განაცხადა ანა ფურტუნამ.