"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამოიყენა "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტების კიდევ ერთი მესიჯბოქსი ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით.
კობახიძის თქმით, "ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის შესახებ განცხადების გამყარება პრეზიდენტმა რამდენიმე გარემოებით სცადა."
"შევეხებით თითოეულ მათგანს:
- 19 აპრილის შეთანხმების ანულირება - სალომე ზურაბიშვილს ერთი სიტყვითაც არ უხსენებია, რომ ამ შეთანხმებას მეორე მხარემ - ნაციონალურმა მოძრაობამ 100 დღის განმავლობაში არ მოაწერა ხელი და მმართველმა პარტიამ ის ანულირებულად მხოლოდ ამის შემდეგ სრულიად სამართლიანად გამოაცხადა. ამ 100 დღის მანძილზე, ჩვენ არ გვახსენდება სალომე ზურაბიშვილის, ენჯეოების თუ საერთაშორისო პარტნიორების არცერთი მკვეთრი თუ თუნდაც ნაკლებად მკვეთრი მოწოდება 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ. რატომ არ მოუწოდებდა ნაციონალურ მოძრაობას არავინ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელი მოეწერა, ამის შეფასება საზოგადოებისთვის მიგვინდია;
- 5 ივლისის ძალადობის არასათანადო გამოძიება - სტატისტიკას აღარ გავიმეორებთ, თუმცა, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 5 ივლისის საქმეზე გამოძიება მყისიერად დაიწყო, სათანადოდ წარმიმართა და არაერთი ადამიანი იქნა დაკავებული და დაპატიმრებული. ამ შემთხვევაშიც სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორე იგივე, რასაც აკეთებენ ჩვენი ოპონენტები რადიკალური ოპოზიციიდან და სამართალდამცავ ორგანოებს საქმის არასათანადო გამოძიება ყოველგვარ კონკრეტულ ფაქტზე მითითების გარეშე დააბრალა;
- 75 მილიონის მოცულობის კრედიტზე უარის თქმა - საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ გამოსაყოფი 75 მილიონი იყო არა გრანტი, არამედ კრედიტი და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის გამო, საქართველოს მთავრობამ დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღებაზე სრულიად დასაბუთებულად თქვა უარი. ამასაც რომ თავი დავანებოთ, რა კავშირი აქვს კრედიტზე უარის თქმას ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან, სრულიად გაუგებარია;
- გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებაზე უარის თქმა - შეგახსენებთ, რომ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული იყო გენერალური პროკურორის არჩევის უპრეცედენტო, აბსურდული წესის შემოღება. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ პარლამენტში წარმოვადგინეთ უტყუარი არგუმენტები, რაზეც ოპოზიციამ ვერცერთი, ვიმეორებთ - ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტით ვერ გვიპასუხა. შესაბამისად, ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან ამ გარემოებას ვერავითარი კავშირი ვერ ექნება;
- არჩევნების წინ ფარული ჩანაწერების გავრცელება - კარგი იქნებოდა, სალომე ზურაბიშვილს ისიც ეხსენებინა, რომ ეს ჩანაწერები არჩევნების წინ არა მმართველმა პარტიამ, არამედ ოპოზიციამ გაავრცელა. ჩვენ ნამდვილად გვაინტერესებს, ვინ განახორციელა და შემდეგ, ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერები. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, სწორედ ჩვენ ვართ დაინტერესებული, ამ საქმეზე გამოძიება სწრაფად და ეფექტიანად წარიმართოს;
- მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა - სალომე ზურაბიშვილს შევახსენებთ, რომ საბჭოს წევრები კონფერენციამ, 300-ზე მეტმა მოსამართლემ კანონმდებლობის სრული დაცვით აირჩია და ეს რომ არ გაეკეთებინა, დღეს ქვეყანას ფუნქციონირებადი იუსტიციის საბჭო არ ეყოლებოდა. სწორედ ეს იყო რადიკალური ოპოზიციის ინტერესი და რატომ იზიარებს ამ ინტერესს სალომე ზურაბიშვილი, ჩვენთვის გაუგებარია;
- ცესკოს წევრების არჩევის წესის ცვლილება - საქართველოს პარლამენტმა შეამსუბუქა ცესკოს წევრების არჩევის უპრეცედენტო და აბსურდული წესი და ის შესაბამისობაში მოიყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან, რაზეც სალომე ზურაბიშვილთან წინასწარი კონსულტაციებიც გავიარეთ. ასეთ პირობებში, აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილის შესაბამისი განცხადება მხოლოდ პოლიტიკურადაა მოტივირებული;
- უზენაესი სასამართლოს 4 მოსამართლის არჩევა - ამ შემთხვევაშიც, კანდიდატების წარდგენა და არჩევა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, რომელიც არა მხოლოდ სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, არამედ, სირთულისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ევროკავშირის წევრი ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობას უსწრებს. გვესმის, რომ რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა პოლიტიკური ინტერესი, უზენაესი სასამართლო სრულად არ დაკომპლექტებულიყო და ფუნქციონირებაში სირთულეები შექმნოდა. თუმცა, რატომ იმეორებს რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსს სალომე ზურაბიშვილი, ესეც გაუგებარია;
- სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები - საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სამსახური არ გაუქმებულა, არამედ ორ ნაწილად გაიყო, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს სრულად შეესაბამებოდა. აქედან გამომდინარე, ინსტიტუციურად არათუ არაფერი გაუარესებულა, არამედ, პირიქით, სისტემა, უფრო რაციონალურად მოწესრიგდა. პრეზიდენტს სიტყვაც არ დაუძრავს იმის შესახებ, რომ ორი ასეთი სამსახურის ერთად არსებობის პრეცედენტი მსოფლიოში არ ფიქსირდება. შესაბამისად, კრიტიკა ამ შემთხვევაში სრულად არის საფუძველს მოკლებული;
- გვარამიას "უდროო" დაკავება - ამაზე რაიმე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სტატუსის მქონე პირი პირდაპირ მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას სასამართლოს საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევა უნდა განეხორციელებინა, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს;
- მიყურადების კანონის მიღება - საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ ამ კანონის მეორე მოსმენით განხილვა გადავდეთ 2 კვირით, რათა ოპოზიციას, ენჯეოებს და საერთაშორისო პარტნიორებს კანონის წინააღმდეგ არგუმენტები წარმოედგინათ. თუმცა, ვერცერთმა მათგანმა ამგვარი არგუმენტები, ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინა. მეტიც, მეორე მოსმენის დროს, პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი სიტყვითაც კი არ გამოსულა. ასეთ დროს, პარლამენტს სხვა არაფერი დარჩენოდა, თუ არა მიეღო კანონი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
ამგვარად, სალომე ზურაბიშვილმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის შესახებ "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტების მესიჯის გასამყარებლად. დემოკრატიული უკუსვლა არის ე.წ. აღქმა, რომლის უკანაც არავითარი ფაქტი არ დგას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.