პირველი, ვინც სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, მოძრაობა "სირცხვილია" იყო. პრეზიდენტის შეთავაზებაში, სამოქალაქო აქტივისტებმა საზოგადოების დაყოფის სურვილი დაინახეს.
"სირცხვილიას" წევრები, ზურაბიშვილს დაგეგმილი აქციის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებენ და 16 ივნისის ნაცვლად, პრეზიდენტს, მათ მიერ ორგანიზებულ 20 ივნისის აქციაზე თავად ეპატიჟებიან.
სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს გეგმის ცვლილებისკენ მოუწოდა და 4 დღით ადრე, შეკრება თავად დააანონსა. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ აქცია, პირველ რიგში უსაფრთხოებიდან გამომდინარე უნდა გადაიდოს და ორგანიზატორებს პოლიტიკურ ამბიციებზე უარის თქმა ურჩია.
პრეზიდენტისგან შეთავაზება, რომ მონაწილეობა 16 ივნისის აქციაში მიიღონ, პოლიტიკურმა პარტიებმაც მიიღეს. ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა. ლელო, გიორგი ვაშაძის პარტია და მოქალაქეები პრეზიდენტის მიწვევას იღებენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, თარიღებს მნიშვნელობა ნაკლებად უნდა ჰქონდეს, ნაწილისთვის კი, ევროკავშირის პასუხამდე, ლოგიკური და მისაღები სწორედ ზურაბიშვილის მიერ დასახელებული რიცხვია.
სალომე ზურაბიშვილის დაანონსებულ აქციაზე მისვლას არ აპირებს ”ნაციონალური მოძრაობა” და გიორგი გახარიას პარტია. ისინი ამბობენ, რომ ევროპული მომავლისთვის, პარტნიორებთან თანამშრომლობაა საჭირო.
დაანონსებულმა აქციებმა "გირჩს" გადააწყვეტინა, კიდევ ერთი შეკრება თავადაც გამართოს. სწორედ ამიტომ, "გირჩელები" საზოგადოებას და მათ მხადამჭერებს 18 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდებენ, ლოკაცია შერჩეული არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ მომდევნო 3 დღეში, დეტალებს დააზუსტებენ.
ხვალ დაგეგმილ შეკრებას, არც "ქართული ოცნება" შეუერთდება. ამისთვის მმართველ გუნდს რამდენიმე მიზეზი აქვს.
პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების გარდა, პრეზიდენტმა ხვალინდელ შეკრებაზე დიპლომატიური კორპუსიც მიიწვია. ამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას გერმანიის და საფრანგეთი საელჩო გამოეხმაურა. ელჩი 16 ივნისს 19 საათზე დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას გეგმავს.