15 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენი ამერიკელი ევროპელი მოკავშირეები ერთსულოვანნი არიან - ვიქტორ დოლიძე

პირველად, რამშტაინის შეხვედრაზე, ფორმატის კარი, რომელიც უკრაინის თავდაცვის უნარიანობისთვის დაარსდა და უკვე მესამედ იმართება, საქართველოსთვისაც გაიღო. "ნატოს"  წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ერთად, უკრაინის თემაზე მსჯელობისთვის გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრიც იყო წარმოდგენილი.

რამშტაინის ფორმატის განხილვის ძირითადი თემა, უკრაინისთვის სხვადასხვა სახის შეიარაღების მიწოდება იყო. შეხვედრა "ნატოს" თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე, რამდენიმე საათით ადრე გაიმართა.

დღეს, ბრიუსელში, უკრაინასთან ერთად საქართველო არაერთხელ ახსენეს, მათ შორის იყო "ნატოს" გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგმა ღიად განაცხადა, რომ საქართველოს ალიანსმა სხვადასხვა სახის სამხედრო მხარდაჭერა უნდა გაუწიოს, რათა ქვეყანა რუსულ აგრესიას წინ აღუდგეს. "ნატოს" ლიდერი საქართველოს თავდაცვის მინისტრს უკვე შეხვდა.

ვიქტორ დოლიძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილო - ატლანტიკურ ალიანსში აცხადებს, რომ ყველა შეხვედრასთან დაკავშირებით, კონკრეტული მიზნები და ამოცანები გაგვაჩნია.

"ყველა შეხვედრასთან დაკავშირებით კონკრეტული მიზნები და ამოცანები გვაქვს. ღია კარის პოლიტიკა, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების ურყეობა, პოლიტიკური თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მნიშვნელოვანია როგორც მომავალი სრულყოფილი და სრულფასოვანი გაწევრიანების თვალსაზრისით, ასევე პრაქტიკული დახმარების აღმოჩენისა  და "ნატოსთან" თავსებადობის გაზრდის თვალსაზრისით.

როგორც ჩვენი ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორები, ისევე ევროპელი მოკავშირეები ერთსულოვანნი არიან ჩვენთან მიმართებაში, ამგვარ შეხვედრებში ჩართულობისა და კონკრეტული შედეგების მოტანის თვალსაზრისით, რაც ძალიან დასაფასებელია," - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

 

დღის ამბები