15 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
ოპოზიცია ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც უკრაინას და მოლდოვას სტატუსის მიღების რეკომენდაცია, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიენიჭათ, პირველი შეფასებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ახლა ცვლილებების დროა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოსთვის კარი საბოლოოდ არ დახურულიყო და ქვეყანას ევროპული პერსპექტივა შეენარჩუნებინა. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებმა ერთიანობა და ევროინტეგრაციისადმი ერთგულება აჩვენონ და ამ მიზნით ის მოქალაქეებს 20 ივნისის აქციაზე დასწრებისკენ მოუწოდებს:

"დღევანდელი გადაწყვეტილება არის ბოლო შანსი, ჩვენი ქვეყნისთვის და ამაზე ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა, რომ საბოლოო კარები არ დახურულიყო საქართველოსთვის. დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ პირდაპირ თქვა, რომ სრული მხარდაჭერა აქვს საქართველოს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამისთვის საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯი, ქართველმა ხალხმა უნდა გადადგას ნაბიჯი. როგორ? 20 ივნისს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, ამის შემდგომ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, იმისთვის, რომ ჩვენ და ჩვენ შვილებს არ წაგვართვან ევროპული პერსპექტივა",  - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შედეგს სამწუხაროს უწოდებს"გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი და ევროკომისიისგან დასახული პირობის შესრულება, რომელიც პოლარიზაციის დასრულებას გულისხმობს, ჯერჯერობით შეუძლებლად მიაჩნია, რადგან მისი თქმით, ამ მიმართულებით ნაბიჯებიც კი არ იდგმება.

"დღევანდელი დღის გადმოსახედიდან, ევროინტეგრაციის პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანი ხდება", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები