15 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
"რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, როგორც აღნიშნული იყო კომისიის მოსაზრებაში, ისევე როგორც უკრაინასთან და მოლდოვასთან დაკავშირებით, მთავარია არ იყოს ზეგავლენა ქვეყნის დემოკრატიაზე" - ჰარცელი

ევროკომისიამ საქართველოს თანხმობა გამოუცხადა და ეს ისტორიული მომენტია - განცხადებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი აკეთებს. კარლ ჰარცელის თქმით, ამასთან აუცილებელია ევროკომისიის მიერ დაყენებული მოთხოვნებით ხელმძღვანელობა და მათი შესრულება.

დიპლომატი ასევე დოკუმენტში მითითებულ დეოლიგარქიზაციის პუნქტს გამოეხმაურა და განმარტა, რომ ეს დემოკრატიის და საბაზრო ეკონომიკის უსაფრთხოების დაცვაზე მიუთითებს. ანალოგიური მოთხოვნები წაყენებული აქვს მოლდოვას და უკრაინას, თითოეულმა სახელმწიფომ კი გამოწვევის დასაძლევად ინდივიდუალური მიდგომა უნდა შეიმუშავოს.

"მოდით ნათელი იყოს, ევროკომისიამ დღეს საქართველოს თანხმობა გამოუცხადა და ეს ისტორიული მომენტია.

ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა და გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, როდესაც მთელი რიგი პრიორიტეტული ქმედებებისა წარმატებით განხორციელდება. ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა ამ გზავნილის მნიშვნელობას. კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველო უნდა იყოს აღიარებული როგორც ქვეყანა, რომლისთვისაც ევროკავშირის მომავალი წევრობის კარი ახლა ღიაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკომისია აკეთებს ამ რეკომენდაციას საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვისთვის და თუ ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდება, საქართველოს სტატუსი ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალ სიმაღლეზე ავა.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, როგორც აღნიშნული იყო კომისიის მოსაზრებაში - ისევე, როგორც უკრაინასთან და მოლდოვასთან დაკავშირებით, მთავარია არ იყოს ზეგავლენა ქვეყნის დემოკრატიაზე და საბაზრო ეკონომიკაზე. გამოწვევები ყველა ქვეყანაში არის განსხვავებული, ისევე როგორც მიდგომები ამ გამოწვევების დაძლევასთან დაკავშირებით.

ეს არის ცხადი საკითხების ჩამონათვალი, მაგრამ ამჟამად, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მზადყოფნა და უნარი, შეუდგეს მუშაობას პრიორიტეტების ამ ჩამონათვალის შესასრულებლად, რაც მოითხოვს ყველა პოლიტიკური პარტიის, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების და ასევე სხვების ჩართულობას," - აცხადებს კარლ ჰარცელი.

დღის ამბები