ისტორიული კვირა იწყება, უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე პასუხს ელოდება, მოსალოდნელია რუსეთის მტრული აქტივობის ზრდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, რუსეთის მხრიდან, მტრული აქტივობა ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც არ არის გამორიცხული. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ამისთვის მზადაა და აფრთხილებს პარტნიორებსაც.
"მართლაც ისტორიული კვირა იწყება. ეს არის კვირა, როდესაც ევროკავშირის პასუხს მოვისმენთ უკრაინის კანდიდატის სტატუსზე. ჩვენ, უკვე გვაქვს ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება და ახალი კვირის ბოლოს იქნება ევროკავშირის საბჭოს პასუხი. ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია, რომ 1991 წლიდან მოყოლებული უკრაინისთვის ისეთი საბედისწერო გადაწყვეტილებები ცოტაა, როგორსაც ახლა ველოდებით. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ პოზიტიური გადაწყვეტილება არის მთელი ევროპის ინტერესებში. ცხადია, რუსეთის მტრული აქტივობის გაზრდას უნდა ველოდოთ, სპეციალურად, საჩვენებლად, ამ კვირაში და არა მარტო უკრაინის, არამედ ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც. ვემზადებით, მზად ვართ და ვაფრთხილებთ პარტნიორებს - ოკუპანტები ძალებს აგროვებენ ხარკოვის მიმართულებით, ზაპოროჟიეს რაიონში, ისევ დაბომბეს ჩვენი საწვავის ინფრასტრუქტურა, საწვავის მდგომარეობის გაუარესება უნდათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვუპასუხებთ. დონბასში სასტიკი ბრძოლა გრძელდება. რუსული არმია იქ ყველაზე მეტ არტილერიას იყენებს, ყველაზე შემტევ ძალებს, მაგრამ სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, ავდიივკა, კრასნოჰორივკა და სხვა ცხელი წერტილები ინარჩუნებენ პოზიციებს. ჩვენი ხალხი ინარჩუნებს მათ. ჩვენი ჯარი დგას - მადლობელი ვარ ყველასი, ვისი ძალაც დღეს არის ჩვენი ხვალინდელი გამარჯვება