ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. განხილვის ერთ - ერთი თემა კვლავაც უკრაინაა. გარდა ამისა, მინისტრები დახურულ კარს მიღმა შეაფასებენ ევროკომისიის მიერ გასაჯაროებულ მოსაზრებას 3 ასოცირებულ ქვეყანაზე.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უკვე გააკეთა განცხადება. ჟოზეფ ბორელის თქმით, ევროკომისიის შეფასება ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია და ევროკავშირი მზად არის საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას მხარი დაუჭიროს.
"განხილვის ერთ - ერთი მთავარი თემაა ევროკომისიის შეფასება საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე. ეს ნამდვილად არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი . ევროკავშირი მზად არის მათ, რომელთაც ჩვენთან გაწევრიანება სურთ, მხარი დაუჭიროს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ევროკომისიის მოსაზრება არის ძალიან დიდი ნაბიჯი. ახლა საქართველოს აქვს შესაბამისი პროგრამა და დღის წესრიგი. საქართველოს ევროპული მომავლისთვის აქვს უკვე ორიენტირი და ამიტომ მოდი ვიმუშაოთ, აუცილებელია ეს შესაძლებლობა გამოყენებული იყოს. ევროკავშირის წევრობა პირობებით ეს დიდი ნაბიჯია", - აცხადებს ბორელი.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ვოპკე ჰოექსტრა აღნიშნავს, რომ როდესაც უკრაინაში ომია ერთიანობა მნიშვნელოვანია.
"კომისიამ მხედველობაში მიიღო ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარება . როცა უკრაიანში ომია, ახლა ერთიანობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ძალიან დაბალანსებული შეფასება დადო კომისიამ, რასაც ნიდერლანდები მხარს დაუჭერს. რაც შეხება კონკრეტულად საქართველოს, ყველა ქვეყანას სურს მეტი პროგრესი . ჩვენ ეს კარგად გვესმის, ამას ჩვენი მთვარობა მხარს უჭერს. ახლა საჭიროა ყველა სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება იყოს იმისთვის, რომ საბოლოო დასკვნამდე მივიდეთ,"- აცხადებს ვოჰკე ჰოექსტრა.