”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გადმოგზავნილ რეკომენდაციებზე საუბრობს და პუნქტობრივად განმარტავს , თუ რა სფეროში უნდა განხორციელდეს რეფორმები, ევროკომისიის მოთხოვნების შესაბამისად.
ირაკლი კობახიძე ევროკომისიის დასკვნას კიდევ ერთხელ აფასებს და ამბობს, რომ გადაწყეტილება საქართველოსთან დაკავშირებით, პოლიტიკური იყო. მისივე თქმით, შესაძლოა საუბარი იყოს უსამართლობაზე, მაგრამ რადგან ეს არ იყო ექსპერტული გადაწყვეტილება, ქვეყანა ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდება.
"არის სულ 12 პუნქტი, მათ შორის რამდენიმე პუნქტში საუბარია რეფორმებზე, რომელიც სხვადასხვა სფეროში უნდა განხორციელდეს. გარკვეულ თემებზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს გამომდინარე იქიდან, რომ ეს პუნქტები იყო ასოცირების შეთანხმების შემადგენელი ნაწილი - თითოეული პუნქტი, ჩვენსა და ევროკავშირს შორის შეჯერებულია. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, ევროკომისიის დასკვნის თანახმად, რომ წლის ბოლომდე წარვადგინოთ ანგარიში განხორციელებული ქმედებების შესახებ და რა თქმა უნდა, ამ დროისთვის ვიქნებით სათანადოდ მომზადებულები. საქართველო რომ წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას ყველა მიმართულებით, ეს დღესავით ნათელია - მათ შორის, კორუფციის კუთხით, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების კუთხით, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო ორგანოების ფუნქციონირების კუთხით. ნახავთ, რომ რაც ხდება საქართველოში და რაც ხდება მოლდოვასა და უკრაინაში, უბრალოდ არის ცა და დედამიწა. ჩვენ, წინ ვუსწრებთ არსებული მდგომარეობით და რეფორმებით ორივე ქვეყანას. შესაძლოა, აქ საუბარი იყოს უსამართლობაზე, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ეს არ იყო ექსპერტული გადაწყვეტილება, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც კარგად განმარტა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მან თქვა, რომ 2 ძირითადი ფაქტორი განაპირობებდა გადაწყვეტილებას, ეს იყო ომისა და გეორგაფიული ფაქტორი. რადგან ეს არ იყო ექსპერტული გადაწყვეტილება, შეგვიძლია ამ ყველაფერს არ ვუწოდოთ უსამართლობა და ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოვეკიდოთ", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.