"შინ ევროპისკენ" - ზუსტად ორ საათში პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. ორგანიზატორების განცხადებით აქციის მიზანი ხალხის ნების დემონსტრირება და იმის ჩვენებაა, რომ საქართველოს სურს ევროპა. როგორც წინასწარ ითქვა, რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებულ სცენაზე არ ვიხილავთ პოლიტიკოსებს, იქნება ათამდე სიტყვით გამოსვლა, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეების ვიდეო მიმართვები და ბოლოს მსვლელობა ევროპის მოედანზე. აქციის გაცხადებული მიზნების მიღმა პოლიტიკურ ინტერესს ხედავს "ქართული ოცნება" - მმართველი გუნდის წევრები დღევანდელ შეკრებას "ნაციონალური მოძრაობის" გამოსვლას და საზიანო ნაბიჯს უწოდებენ.
"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ეს აქცია "ნაციონალური მოძრაობის" და მათი სატელიტების დაორგანიზებულია, რათა ქვეყანა ქაოსში შეიყვანონ.
"ყველას აქვს პროტესტის შესაძლებლობა, კი ბატონო, მათ შორის ზოგი ამბობს რომ ჩვენ ეს პირიქით უნდა ვიზეიმოთო, ზოგი ამბობს პროტესტი გამოვხატოთ, ზოგი ამბობს გადატრიალება და მაიდანი მოვუწყოთ საქართველოს და ქართველ ხალხსო. დარწმუნებული ვარ ცოტა ხანში დაიწყება, დაელოდეთ, "მიშა, მიშა"-ს ძახილი, მიხვდებით რომ ეს არ არის რიგითი ადამიანების დაორგანიზებული. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" და მათი პარტიული სატელიტების ინიცირებული რაღაცა მოძრაობა, რატომ? - იმისთვის რომ ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა და არ გამოუვათ. ეს არის ზუსტად რუსული სცენარი და არ გამოუვათ რუსებს და არც მათ მე-5 კოლონას," - აცხადებს ზარქუა.
თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ამბობს, რომ აქციის ორგანიზატორების ძირითადი გეგმა და მიზანი დესტაბილიზაციაა, თუმცა გამოვა ისეთი ხალხიც, ვისაც გულწრფელად სურს საზოგადოების ერთიანობის გამოხატვა, თუმცა ვოლსკის თქმით, მათი უმეტესობა "ქართული ოცნების" ამომრჩეველია.
"ეს განცხადება, რომ "არ შეასრულებს, დეოლიგარქიზაციის თემა მათთვის მიუღებელია" - ეს არის თაღლითური განცხადებები იმის გასამართლებლად, თუ რატომ არის პოლიტიკური ნიშნით ჩამოყალიბებული პოზიცია, დაგეგმილი ეს აქცია, რომელიც მათი აზრით, მათი გეგმით, მათი მიზნით უნდა გადაიზარდოს დესტაბილიზაციაში. რა საკვირველია, აქციაზე უამრავი ხალხი მოვა, ვინც ასე არ ფიქრობს და გულწრფელი დამოკიდებულება აქვს, რათა ევროპას დაანახოს საზოგადოების ერთიანობა, მაგრამ გამოკითხვებიც იგივეს გვიჩვენებს - 85% საზოგადოებისა არის ევროინტეგრაციის სწრაფი ტემპით განვითარების მომხრე, არ დაგვავიწყდეს, რომ უმეტესობა ამ 85%-დან მაინც "ქართული ოცნების" ამომრჩეველს ეკუთვნის," - განაცხადა ვოლსკიმ.