4 დღე ბრიუსელის საბოლოო პასუხამდე - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის გადაწყვეტილების მოლოდინშია. საბოლოო პასუხის გარდა, ასოცირებული ტრიო ელოდება ევროპის დავალებებსაც, რომლის შესრულება სტატუსის მიღების გარანტია ხდება. სამივე ქვეყანას განსხვავებული რეკომენდაციები და მითითებები ბრიუსელმა რამდენიმე დღის წინ უკვე მისცა.
ის, რომ უკრაინამ კანდიდატის სტატუსი ომის გამო, მოლდოვამ კი რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო მიიღო, დარწმუნებულები არიან თბილისში, რომელსაც ბრიუსელისგან ევროპული პერსპექტივა ერგო. მთავრობის მეთაურმა დღეს ღიად განაცხადა, რომ სტატუსი კიევს და კიშინიოვს ევროპამ ავანსად მისცა. საქართველოს ბრიუსელისგან 12 დავალება უკვე მიღებული აქვს, ახლა კი ევროპის პოლიტიკური დედაქალაქისგან უფრო მეტ კონკრეტიკას ელოდება, რადგან გაწერილი მითითებებიდან თბილისს ნაწილი ან შესრულებული აქვს, ან პროცესშია.
ვიდრე საქართველო კონკრეტული რეკომენდაციების შესრულებას დაიწყებს, მანამდე პრემიერმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც უკრაინამ და მოლდოვამ ევროკომისიისგან დადებითი რეკომენდაცია მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების ეს ნაბიჯი ერთგვარი ავანსია იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ომის გამო მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.
ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ უკრაინას, მოლდოვას და საქარველოს რეფორმების საკმაოდ გრძელი სიის შესრულება დაევალა. საქართველოს შემთხვევაში ევროპა პარტნიორი ქვეყნისგან ჯერ ქმედით ნაბიჯებს ელოდება, შემდეგ კი სტატუსის მინიჭების საკითხის ხელახლა განხილვის ეტაპზე გადავა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ბრიუსელის პირობები მოულოდნელი არ არის და მათი ნაწილი საქართველოს შესრულებული აქვს ან პროცესშია.
ოპოზიციის ნაწილი მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციებს სკეპტიკურად უყურებს. პოლიტიკური ძალების ნაწილს არ სჯერა, რომ არსებულ ვითარებაში ხელისუფლება დათქმების შესასრულებლად მზად იყოს.
მმართველი პარტიისთვის ოპოზიციის შეფასებები მიუღებელია. ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაზე დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაშიც საქართველოს ისევე, როგორც ასოცირებული ტრიოს 2 ქვეყანას პირობები მაინც შესასრულებელი ექნებოდა. პარლამენტის თავმჯდომარეს აინტერესებს პროცესის წარმატებით დასრულებისთვის სად ხედავს ოპოზიცია საკუთარ როლს.
დეპოლარიზაციის აუცილებლობაზე საუბრობენ ხელისუფლების ოპონენტებიც, თუმცა შემხვედრ ნაბიჯს ისევ მმართველი პარტიისგან ელოდებიან.
პოლარიზაციის აღმოფხვრაა, სწორედ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან პირველი. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სახელისუფლებო გუნდის მზაობა ერთია, თუმცა ამის პოლიტიკური ნება პირველ რიგში ოპოზიციას უნდა ჰქონდეს.
ევროკომისიის შეფასების გათვალისწინებით საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინა და მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირმა კვირის ბოლოს უნდა მიიღოს. საქართველოსთან დაკავშირებით კი ევროკავშირის მიერ მიღებულ დოკუმენტში ჩაიწერება, რომ ქვეყანა ევროპული პერსპექტივა გააჩნია და სტატუსის საკითხს ხელმეორედ მიუბრუნდებიან.