ამ წუთებში საქართველოს პარლამენტთან მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ ორგანიზებული აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ" იმართება. აქციას უკვე შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები. ორგანიზატორების განმარტებით შეკრება მიზნად ქვეყნის ევროპული კურსის მხარდაჭერას და ბრიუსელის საბოლოო პასუხამდე 4 დღით ადრე, ევროპისთვის საზოგადოების განწყობის ჩვენებას ისახავს. ცნობილია ისიც, რომ აქციის მონაწილეებს დისტანციურად საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და ევროპარლამენტარებიც მიმართავენ.
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო იმისთვის, რომ "უდიდესი საფრთხე, რასაც ქვეყნისთვის ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს - განეიტრალდეს":
"ჩვენ დაგვჭირდება ძალისხმევა, არამარტო დღეს და შესაძლოა არამარტო ერთი და ორი დღე, არამედ გარკვეული პერიოდი განმავლობაში, რომ ამ უდიდეს საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც სამწუხაროდ ჩვენივე ხელისუფლება, ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს, გავანეიტრალოთ. იმიტომ რომ, ეს კომბინაცია, გარე მტრის, ბოროტების იმპერიის და ქვეყნის შიგნით ასეთი ოპორტუნისტული, პუტინისტური რეჟიმის, შეიძლება აღმოჩნდეს მომაკვდინებელი," - აცხადებს ბოკერია.
"დღეს ხომ არის საქართველოს ეროვნული მუხტის გამოღვიძების დღე, "შინ ევროპისკენ, ერთად ევროპისკენ, წინ ევროპისკენ", მაგრამ ევროპა საქართველოსთვის, აი ეს გვინდა ჩვენ - ევროკავშირი და ქართველ ხალხს ამ გზას ვერავინ ვერ ააცდენს. დეოლიგარქიზაცია გასაკეთებელია, დიაგნოზი დასვა ევროკავშირმა, ამ დიაგნოზს აუცილებლად უმკურნალებს ქართველი ერი," - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე აღნიშნავს, რომ ეს დღე მისთვის სამოქალაქო რეფერენდუმს წარმოადგენს.
"ჩემთვის ეს არის სამოქალაქო რეფერენდუმი, სადაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მიმართულებით მივდივართ - მივდივართ ევროპაში თუ ვრჩებით იზოლაციაში საბჭოთა კავშირში. დღეს, მე მოვდივარ იმიტომ, რომ მინდა ჩემმა შვილებმა იცხოვრონ ნორმალურ, ევროპულ საქართველოში. ეს არის მიზანი და მთავარი ამოცანა," - თქვა დოლიძემ.