ახლა არის დრო, გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს და ვიდეომიმართვას ავრცელებს. შარლ მიშელი მოუწოდებს ევროკავშირის 27-ივე ქვეყნის ლიდერებს რამდენიმე დღეში დაგეგმილ სამიტზე უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ომიდან გამომდინარე ევროპა უკრაინისთვის ძლიერ ჰუმანიტარულ, სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას განაგრძობს.
"მჯერა, რომ ახლაა დრო, ვაღიაროთ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების და მათი ხალხის მომავალი ევროკავშირშია. უფრო სპეციფიკურად, ჩემი განზრახვა არის, რომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის გადავწყვეტთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ცხადია რომ ამ ქვეყნებს ევროპულ გზაზე პირობების შესრულება მოუწევთ. განსაკუთრებით კანონის უზენაესობის და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. მაშინ, როდესაც ომი დაბრუნდა ევროპაში, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სტაბილურობა და უსაფრთხოება არა მხოლოდ ევროკავშირის შიგნით, არამედ კონტინენტზე სხვა ევროპელ პარტნიორებთან ერთად," - აცხადებს შარლ მიშელი.