ხალხმა მშვიდობიანად გამოხატა არჩევანი ევროპული მომავლისკენ, აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.
კრლ ჰარცელი ამბობს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი მისივე ხელშია და ეს მკაფიო სიგნალია. ევროკომისიის გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ ქვეყანას აქვს საშინაო დავალება მიცემული, აქვს სამუშაო იმისთვის, რომ წლის ბოლოს გადაწყვეტილება გადაიხედოს.
"გუშინ რაც მე ვნახე ეს იყო საქართველოს პროევროპული არჩევანის ძალიან დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი დემონსტრაცია. იყო გარკვეული პოლიტიკური განცხადებები რაზეც მე არ ვისაუბრებ, მე ყოველთვის ვამბობ რომ ეს ფორმა მისაღებია თუ ის კანონიერ და მშვიდობიან ჩარჩოებში ჯდება.
იქ ძალიან ბევრი რიგითი მოქალაქე მივიდა და საქართველოს მოცემული დროის და შესაძლებლობის გამოყენება უსურვა, შესაძლებლობის რაც ქვეყანას ევროკავშირმა მისცა. ასევე სწორი ნაბიჯების წინ გადადგმა იმისთვის რომ საქართველოს ევროპული დღის წესრიგი რეალობად იქცეს.
კომისიის მიერ გაცემული ევროპული პერსპექტივა უკრაინამ საქართველომ და მოლდოვამ უნდა გამოიყენოს. ძალიან მკაფიო დიახ იყო ნათქვამი კომისიისგან რომ საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს ევროკავშირის წევრი. არსებობს გასაკეთებელი საქმეების სია.
ევროკომისიამ განსაზღვრა ის მოთხოვნები რაც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს .ახლა ვნახავთ იმავეს დაასკვნიან თუ არა ევროპელი ლიდრებიც. გზავნილი ნათელია- საქართველოს ევროპული მომავალი ქართველების ხელშია. დროა გულმოდგინედ იმუშაოთ!,"-აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.
შეფასება გააკეთა საფრანგეთის ელჩმაც, რომელიც აცხადებს, რომ ქვეყანამ უნდა შეასრულოს ის დავალებები რაც ევროკომისიამ გაწერა.
"ჩვენ გვაინტერესებს, რას იტყვის ევროპული საბჭო, თუმცა გუშინდელი მშვიდობიანი, კანონიერი პროტესტი, ქმედება იყო ძალიან საინტერესო და აჩვენა ხალხის დიდი მობილიზება და მათი შეუპოვრობა. ჩემი აზრით, შეთავაზებებზე არსებობს გარკვეული იმედი მობილიზაციისა და ოპტიმიზმისთვის, რადგან არსებობს აღიარება ევროპული პერსპექტივის და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია წინ.
არსებობს ძალიან მკაფიო გზამკვლევი რეფორმებისთვის, თუ როგორ უნდა წახვიდეთ წინ. ეს ძალიან ოპტიმისტური და პოზიტიური შედეგია. მოულოდნელი არ არის, რომ ევროკავშირს აქვს გარკვეული მოლოდინები და ეს არ არის მოულოდნელი. ამიტომ რისი ხილვაც გვინდა, არის მობილიზაცია და შეუპოვრობა წინსვლისთვის და სწორედ ეს ვიხილეთ გუშინ,"-აცხადებს დიგო კოლას.