15 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
მოვისმინე ევროპელი მეგობრებისგან, რომ მათი მთავარი მოტივაცია იქნებოდა დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვიხილეთ - ირაკლი ღარიბაშვილი

პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ, ხმაურით დაიწყო. ხმაური ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის დასაწყისს მოჰყვა, რომლის დროსაც მან აღნიშნა, რომ ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილებას მიიღო და გაჩნდა მნიშვნელოვანი ჩანაწერი. მის ამ ფრაზას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ ღარიბაშვილს რამდენჯერმე მიმართა. პრემიერ - მინისტრს ოპოზიციის წარმომადგენელმა რამდენიმე წუთის განმავლობაში არ მისცეს სიტყვის გაგრძელების საშუალება. აღნიშნულის გამო ოპოზიციამ პარლამენტის თავმჯდომარისგან გაფრთხილება მიიღო.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროპელი პარტნიორები მას ჰპირდებოდნენ, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდებოდა გაკეთებულ საქმეებზე დაყრდნობით, რაც მისი თქმით, სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

"ჩვენ ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ თუ ვინმე იმსახურებდა ასოცირებული ტრიოდან, არა როგორც ემოციების დონეზე, არამხოლოდ აღქმების დონეზე, არამედ რეალური გაკეთებული საქმის მიხედვით და მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მათი პირველი, მთავარი მოტივაცია იქნებოდა დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვიხილეთ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის, ჩვენთვის ყველასთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ასევე მოვისმინეთ შეფასებები, რომ თურმე საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არის განსხვავებული, განსხვავებული გეოპოლიტიკური სიტუაცია არის, ასევე მოვისმინეთ, რომ უკრაინას მისცეს სტატუსი, რადგან უკრაინა ომშია. იმის მიუხედავად რომ საქართველო ყველა ჩამოთვლილი პარამეტრის მიხედვით უპირობო ლიდერია, არათუ ასოცირებულ ტრიოს ეხება ეს მხოლოდ, ბევრ ევროკავშირის და ნატო - ს წევრ ქვეყანას ვუსწრებთ ჩვენ, ყველა პარამეტრით. უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ მისცეს სტატუსი.

ჩვენს მოქალაქეებს მინდა მივმართო, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ემოციურად ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა არის გულდასაწყვეტი, ყველა ნორმალურ ადამიანს, ვისაც აქვს ევროპული იდეის მიმართ მხარდაჭერა, ყველა გულდაწყვეტილია, მაგრამ ჩვენ უნდა შევხედოთ ამ პროცესს ძალიან მშვიდად. უნდა გამოვიჩნოთ სიბრძნე, ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, პროცესი უნდა ვმართოთ მტკიცედ და ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს. როგორც ქალბატონა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ თქვა, ევროკავშირმა საქართველოს გაუღო კარი - ეს არის ყველაზე მთავარი მიღწევა," - აცხადებს ღარიბაშვილი.

დღის ამბები