პრემიერ მინისტრის პირველივე ფრაზას სხდომათა დარბაზში ხმაური მოყვა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საკუთარი უკმაყოფილება შეძახილებით გამოხატეს. ვითარების განსამუხტად, პარლამენტის თავმჯდომარეს მანდატურების დახმარება დასჭირდა.
საქართველოს უნდა მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად - ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც მთავრობის ხელმძღვანელმა საკანონმდებლო ორგანოში გააჟღერა. ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც განმარტა, თუ რატომ მიიღო რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით უკრაინამ და მოლდოვამ საქართველოსგან განსხვავებით წევრობის სტატუსის რეკომენდაცია.
ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ის დაბრკოლებებიც ჩამოთვალა, რომელიც საქართველოს დასავლურ პერსპექტივას კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა შეუქმნეს. ამ კონტექსტში მთავრობის მეთაურმა დარბაზში მყოფი ერთ-ერთი პოლიტიკოსი და უკრაინელი მაღალჩინოსნები დაასახელა. სხდომათა დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირების გარეშე, არც ამ თემის განხილვას ჩაუვლია.
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა პრემიერის მოხსენების იმ ნაწილს, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა და ის პრობლემები გაიხსენა, რაც საქართველოს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში შეექმნა.
კიდევ ერთი თემა დეოლიგარქიზაცია იყო. პრემიერის შეფასებით, საქართველოს ჰყავს ოლიგარქები და ისინი, მისი თქმით კონკრეტული ყოფილი მაღალჩინოსნები არიან.
საქართველოს პრემიერ - მინისტრი საკანონმდებლო ორგანოს, წლიური ანგარიშის წარდგენის ფორმატში სტუმრობდა, თუმცა ბრიუსელის გადაწყვეტილების მოლოდინში ძირითადი სასაუბრო თემა ქვეყნის ევროპული მომავალი იყო.