პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა და განმარტა, რომ კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, შეესაბამება სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას და შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.
ამიტომ, მისი თქმით, კანონპროექტი უნდა იყოს კანონად ქცეული:
"დღეს საქართველოში პრეზიდენტი ზეპარტიულია. ის არ უნდა ჩაერიოს არცერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში, მას სხვა ფუნქცია აქვს - ის უნდა იყოს ნეიტრალური და არა გამოხატავდეს მიკერძოებას კონკრეტული პოლიტიკური პარტიისადმი. ერთხელ და სამუდამოდ ყველამ თავი უნდა დაანებოს სპეკულაციებს და საზოგადოების დაყოფას თუ ვის სურს ევროკავშირი და ვის არა. დაინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ შეესაბამება სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას, შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ვერ მოხდება რომელიმე ისეთი საქმის დასახელება, რომელთანაც მოდის აშკარა წინააღმდეგობაში. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი უნდა იყოს კანონად ქცეული",- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო.
მისი განმარტებით, ის შემდეგი 6 თვის განმავლობაში ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც არასწორი მიმართულებით იქნება მიღებული.